გურამ კაშია - ნაკრებისთვის ძალიან კარგია, რომ ტოპლიგებში ფეხბურთელები გვყავს, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უნდა მოვიპოვოთ, რაც ძალიან რთული იქნება #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ნაკრების შანსებსა და მოახლოებულ მატჩებზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ისაუბრა, რომლისთვსიაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მეხუთე იქნება ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.
„ჯგუფში ესპანეთის ნაკრების სახით ძალიან რთული და ჩვენთვის უხერხული მეტოქე გვყავს. რაც შეეხება თურქეთსა და ბულგარეთს, რა თქმა უნდა, თანამედროვე ფეხბურთში თამაში ყველასთან რთულია, თუმცა ჩვენც ძალიან კარგი გუნდი ვართ. ვფიქრობ, მოახლოებული ორი თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს. ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურ დონეზე უნდა ითამაშოს, რათა წარმატებას მივაღწიოთ.
თურქეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია, მეტოქეს ევროპის ჩემპიონატიდან კარგად ვიცნობთ. ჩვენი მეზობლები არიან და განსაკუთრებული თამაში იქნება. იმედი მაქვს, ჩვენი გულშემატკივრები, როგორც ყოველთვის, კარგ გარემოს შექმნიან, დაგვეხმარებიან და კარგ სტარტს ავიღებთ. რთული იქნება ბულგარეთთან მატჩიც, ვინაიდან მოკლე დროში გვიწევს ორი თამაშის ჩატარება. თუმცა, პირველ შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში, მეორე თამაშს დადებითი ემოციებით შევხვდებით და გამარჯვება უნდა მოვახერხოთ.
გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ძალიან კარგია, რომ ასეთ მაღალ დონეზე ასპარეზობენ. სანაკრებო დონეზე საერთაშორისო თამაშების გამოცდილება აუცილებელია, რასაც ახალგაზრდა ფეხბურთელები ევროტურნირებზე თამაშით იძენენ. ნაკრებისთვის ძალიან კარგია, რომ ფეხბურთელები ტოპლიგებში თამაშობენ. კარგად უნდა ვითამაშოთ, მოვიგოთ და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ, რაც ძალიან რთული იქნება“, – ამბობს საქართველოს ნაკრების კაპიტანი.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, 7 სექტემბერს კი „ჯვაროსნების“ მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.