გურამ კაშია - მინდა, თამაში და ფეხბურთით ტკბობა გავაგრძელო #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გურამ კაშიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ისაუბრა, თუ როგორ ახერხებს 38 წლის ასაკში ფორმის შენარჩუნებას და აღნიშნა, რომ მისი სურვილია, „სლოვანს“ ჩემპიონობის ზედიზედ მერვედ მოპოვებაში დაეხმაროს.
„მთავარი სამი რამ არის. პირველი – ძილი. მჭირდება 7-8 საათი, თუმცა დღის განმავლობაში დაძინებას ვერიდები. ეს მხოლოდ საწვრთნელი შეკრების დროს არის მისაღები, სხვა შემთხვევაში კი მირჩევნია, საღამოს ადრე დავიძინო და დილით ადრე ავდგე;
შემდეგ მოდის კვება – თითქმის ყოველდღე ვჭამ კვერცხს, რომელიც ძალიან ჯანსაღი პროდუქტია. ჩემი საუზმე და სადილი ცილებით მდიდარია; დაბოლოს – ვარჯიში. გახსოვდეთ, სიარულიც კი ვარჯიშად ითვლება. ამიტომ გაღვიძების შემდეგ ყოველ დილით 25 წუთი ვსეირნობ, თან ვუსმენ მოტივაციურ ან ფილოსოფიურ პოდკასტს.
ამის შემდეგ ვსვამ ყავას და მხოლოდ მერე ვჯდები მანქანაში, რათა სტადიონზე სავარჯიშოდ წავიდე. სიარული ნებისმიერ ასაკში კარგია – ბებიაჩემი 96 წლისაა და ყოველდღე სეირნობს. ნუ ეძებთ საბაბს, უბრალოდ გადით გარეთ და იმოძრავეთ. ეს შესანიშნავია როგორც გონებისთვის, ისე სხეულისთვის. სწორედ ეს სამი რამ მეხმარება – ძილი, ცილებით მდიდარი კვება და ვარჯიში.
რაც შეეხება ჩემს მიზანს, მინდა, თამაში და ფეხბურთით ტკბობა გავაგრძელო. ჩემი აბსოლუტური პრიორიტეტი დიპლომის აღებაა. ვფიქრობ, ტიტულებს უფრო მეტად უნდა ვაფასებდეთ – მათ უკან წარმოუდგენელი შრომა დგას. ჩვენ ზედიზედ შვიდი ტიტული მოვიგეთ, რაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იშვიათი მოვლენაა. ახლა ეს ისტორიის ნაწილი ხდება. მოდით, დავაფასოთ ეს წარმატება და სასურველი მერვე ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ“, – ამბობს კაშია.