გურამ კაშია - მინდა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ტელევიზიაში სპორტული გადაცემა მქონდეს
გურამ კაშია - მინდა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ტელევიზიაში სპორტული გადაცემა მქონდეს

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ წამყვანის კითხვაზე – „სანამ უგუნდოდ ხარ, ხომ არ გაქვს სურვილი, შემოგვიერთდე და საფეხბურთო ექსპერტად იმუშავო?“ – საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ განაცხადა, რომ ასეთ ვარიანტს კარიერის შემდეგ სრულიადაც არ გამორიცხავს.

„ეს ჩემი ერთ-ერთი სურვილია და კარიერის შემდეგ აუცილებლად მინდა, რომ სპორტში დავრჩე და ტელევიზიაში, რომელიმე სპორტული გადაცემა მქონდეს თქვენთან ერთად. ძალიან დიდი სიამოვნებით“ – გურამ კაშიამ.

გადაცემის წამყვანის, გია თვალაბეიშვილის ხუმრობანარევ კითხვაზე – „კონტრაქტის ვარიანტი არ გვაქვს, გურამი რომ დავიბევოთ?“ – საქართველოს ნაკრების მცველმა უპასუხა: „დიახ, კარგი იქნება“.

33 წლის გამოცდილი მცველის თქმით, ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს:

„მოვა ნაკრებიდან წასვლის დროც. ახალგაზრდა არ ვარ. მაგრამ სანამ მწვრთნელს, გუნდს და ქვეყანას გამოვადგები, ნაკრებში აუცილებლად ვიქნები – შეცვლაზე, ტრიბუნაზე თუ სადაც ჩათვლიან საჭიროდ. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი მაქვს და იმედია, მომავალ მწვრთნელსაც დავჭირდები“.

მან იმ კრიტერიუმებზე ილაპარაკა, რომლითაც ახალი გუნდის შერჩევისას იხელმძღვანელებს:

„ჩემი კარიერის განვითარება და ისეთ ქვეყანაში მოხვედრა მინდა, სადაც რომელიმე (საფეხბურთო) საქმის სწავლას დავიწყებ – სამწვრთნელო ლიცენზიას ავიღებ. მინდა, მენეჯმენტიც ვისწავლო. ამიტომ ვფიქრობ, თუ გამოჩნდა, აუცილებლად ევროპულ გუნდს ავირჩევ“.

რა იყო 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების მიზეზი? კაშიას პასუხი ასეთი იყო:

„ერთ-ერთი მიზეზი უგულშემატკივროდ თამაში გახლდათ. მაგრამ მთავარ მიზეზად მაინც ის რთული მდგომარეობა მიმაჩნია, რომელიც გუნდში შეიქმნა. ბევრი ფეხბურთელი უთამაშებლობის გამო კარგ ფორმაში არ ვიყავით, მათ შორის, მეც. ერთი ხვიჩა (კვარაცხელია) იყო მშვენიერ ფორმაში და მასაც თამაშამდე კორონა დაუდგინდა. მატჩის ბედი ერთმა მომენტმა გადაწყვიტა. ეს ჩვენ ცუდ თამაშად შეფასდა. შეხვედრა ვერც ერთმა გუნდმა ვერ ითამაშა, სანახაობრივი მატჩი არ იყო. არ იყო მომენტები. ჩრდილოეთ მაკედონიელებმა ერთი მომენტი შექმნეს და თამაშის ბედიც ამან გადაწყვიტა. იგივე ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი შექმნელი ფეხბურთელები არიან. მაგრამ იმ მომენტში ხვიჩა იყო კარგ ფორმაში და მოედანზე რომ ყოფილიყო, მეტი შანსი გვექნებოდა“.