გურამ კაშია - „ლოკომოტივის“ წარმატება „გემრიელი“ მოგება იყო
გურამ კაშია - „ლოკომოტივის“ წარმატება „გემრიელი“ მოგება იყო

თბილისის „ლოკომოტივი“ იყო ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელმაც ფეხბურთის გულშემატკივრებს 2020 წელი გაულამაზა. გუნდმა ვეროპის ლიგიდან კრაიოვას „უნივერსიტატეა“ და მოსკოვის „დინამო“ გამოაგდო და მესამე ეტაპამდე გავიდა, სადაც ესპანურ „გრანადასთან“ დამარცხდა. თუმცა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის გამოსვლა მაინც პატივისცემას ისმახურებდა.

გურამ კაშიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტამაუტში“ განაცხადა, რომ მსგავსი მატჩები ფეხბურთელებში გამორჩეულ ემოციებს იწვევს.

„ასეთი თამაშები დიდი მუხტია და თამაშს უფრო ემოციურად უდგები. თუ ემოციებს კარგად გააკონტროლებ და დააბალანსებ, რა თქმა უნდა, უპირატესობას იქმნი. ფეხბურთელს ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა უნდა უყვარდეს. „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოს“ თამაშითაც აჯობა და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა. ძალიან გემრიელი თამაშით მოუგეს და ყველა ძალიან გაგვახარეს. ეს მოგება უდავოდ წლის ერთ-ერთი მოვლენა იყო“, – ამბობს გურამ კაშია.

მან ილაპარაკა, ზოგადად რა უნდა შეიცვალოს, რომ ქართული გუნდების დონე გაიზარდოს:

„პირველი, რა სხვაობასაც ვხედავ, ფიზიკური მომზადებაა. ჩემი აზრით, ქართველებმა ფიზიკურად უფრო უნდა მოინდომონ. თორემ შემოქმედებითი სტილის და ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს და გუნდები ფიზიკურად თუ მოუმატებენ, მეტს მიაღწევენ“.