გურამ კაშია ხვიჩა კვარაცხელიაზე - მისი აღიარება საქართველოსთვის ძალიან დიდი მოვლენაა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რომელიც უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
„ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების შემდეგ ხვიჩას ველაპარაკეთ და წარმატება მივულოცეთ. ზოგჯერ ვარსკვლავებს სპეციფიკური ხასიათი აქვთ, ის კი ამ მხრივაც გამორჩეულია – თავმდაბალი და ძალიან მაგარი ადამიანია.
მიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი მოვლენაა. დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო ხვიჩას დიდი ქომაგია და მის თამაშებს მოუთმენლად ელის. მსიამოვნებს და ამაყი ვარ, რომ კვარაცხელია ქართველია“.
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის დასრულებულ სეზონში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში თავი საგოლე მოქმედებით გამოიჩინა.