გურამ კაშია - კარგია, რომ მწვრთნელი ახალგაზრდებს შანსს აძლევს
გურამ კაშია - კარგია, რომ მწვრთნელი ახალგაზრდებს შანსს აძლევს

გურამ კაშია ავსტრიაში მიმდინარე შეკრებაზეა და მალტასთან (1 ივნისს) და ლუსექმბურგთან (5 ივნისს) დაგეგმილი მატჩებისთვის ემზადება.

ეროვნული გუნდის მცველი და არნემის „ვიტესის“ კაპიტანი მიიჩნევს, რომ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების მიწვევა დადებითი ფაქტია.

„ნაკრების შეკრებაზე ბევრი ახალი ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ეს ახალგაზრდებისთვის სასიამოვნო და კარგი ფაქტია – მათ შეუძლიათ მწვრთნელს საკუთარი შესაძლებლობები აჩვენონ, რადგან ამ ორი ამხანაგური მატჩის შემდეგ, მხოლოდ ოფიციალური თამაშები გვექნება. კარგია, მწვრთნელი ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას რომ აძლევს. კარგად მოსამზადებლად მათ საკმარისი დრო აქვთ, რადგან შეკრება ათი დღე გაგრძელდება“ – ამბობს კაშია.

გამოცდილმა მცველმა სავარჯიშო პირობებსა და გუნდში არსებულ განწყობაზეც ილაპარაკა: “საერთოდ, ასეთი შეკრებები ძალიან კარგია გუნდის თითოეული წევრისთვის. მზადება წარმატებით დავიწყეთ, კარგ სასტუმროში დავბინავდით და ამინდიც შესაბამისია. გუნდში ამაღლებული განწყობაა, რადგან ბოლო ამხანაგურ თამაშები კარგად ჩავატარეთ, შედეგი გვქონდა და ხარისხიც კარგი იყო. პოზიტური განწყობით ვართ და გულშემატკვირებისგანაც იგივეს ვგრძნობთ”.