გურამ კაშია - იმედია, შეკრებას გამარჯვებით და 12 ქულით დავამთავრებთ #1TVSPORT
გურამ კაშია - იმედია, შეკრებას გამარჯვებით და 12 ქულით დავამთავრებთ #1TVSPORT

გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა ერთა ლიგაზე ბულგარეთთან შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ნაკრები 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გამართავს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მანამდე თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული ბულგარეთის ნაკრების წევრის, ტოდორ ნედელევის მიმართ თანადგომა გამოხატა.

„მინდა ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელის თავს მომხდარ ამბავს გამოვეხმაურო. ძალიან ცუდი რამ მოხდა და იმედი მაქვს, დაშავებული ფეხბურთელი მალე დაუბრუნდება მოედანს. გუნდის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებ ბულგარეთს“, – ამბობს კაშია.

გურამ კაშია იმედოვნებს, რომ გუნდი ივნისის სანაკრებო ციკლს მორიგი გამარჯვებით დაასრულებს.

„ძალიან მაგარი შეკრება გვაქვს. კარგი ხარისხის ფეხბურთს ვთამაშობთ და ვიცით, რომ ბოლო მატჩი ურთულესი იქნება. რაც მთავარია, ჯერ კიდევ ძალების აღდგენას ვცდილობთ. იმედია, რომ ამ შეკრებას გამარჯვებით და 12 ქულით დავამთავრებთ“.

„ჯვაროსნების“ კაპიტანი გახარებულია, რომ მატჩის ყველა ბილეთი გაიყიდა.

„სასიამოვნო ფაქტია, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. გულშემატკივარი დამატებით მუხტს გაძლევს მოედანზე. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა საკუთარი ქვეყნის მაისურით სავსე ტრიბუნების წინ ითამაშოს. ამიტომ, ფეხბურთელები დიდ სიამოვნებას მივიღებთ“.

ბულგარეთთან მეოთხე ტურის შეხვედრამდე საქართველო ჯგუფს სამი მოგებით და 9 ქულით ლიდერობს. ბულგარელებს კი ამ დროისთვის მხოლოდ 2 ქულა აქვთ.

საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო დაპირისპირება „დინამო არენაზე“ 12 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (ფმ 102,3).