გურამ კაშია - გამარჯვება გვიხარია, მაგრამ ფინალისთვის მაქსიმალურად მშვიდად უნდა მოვემზადოთ #1TVSPORT
გურამ კაშია - გამარჯვება გვიხარია, მაგრამ ფინალისთვის მაქსიმალურად მშვიდად უნდა მოვემზადოთ #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგთან გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარები გააკეთეს.

გურამ კაშია: „ბიჭებმა ვილაპარაკეთ, რომ ემოციურად დიდად არ დავიხარჯებოდით. მოგება გვიხარია, მაგრამ გვსურს, ძალები აღვიდგინოთ და ფინალისთვის მაქსიმალურად მშვიდად მოვემზადოთ. მადლობა გულშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მუხტი გადმოგვედო, მოწინააღმდეგეს კი თითქოს შიში ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, თბილისში თამაში არავის სიამოვნებს.

მსგავს მატჩებში პროვოკაციები იშვიათი ამბავი არაა და გამოცდილება შევიძინეთ, ახალგაზრდა ფეხბურთელებმაც თავდაჯერებულად ითამაშეს. სასიხარულოა, რომ დიდი წნეხის ქვეშ ასე კარგად მოქმედება შეუძლიათ. არ ვიცი, გერსონ როდრიგესის მხრიდან ჯაბა კანკავასთან კამათი რამდენად ჭკვიანური იყო“.

ლაშა დვალი: „ემოციური თამაში იყო და ბედნიერი ვარ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ახლა კონცენტრაცია ფინალისკენ გვექნება. ბოლო ორი შეკრების განმავლობაში ეროვნულ გუნდში არ ვყოფილვარ და ნაკრებში თამაში მომენატრა. გულშემატკივრებმა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშეს, მათ დიდ მადლობას ვუხდი“.

ზურიკო დავითაშვილი: „ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, გამარჯვებაში დარწმუნებულები ვიყავით. ყველა ბედნიერია, რადგან ლუქსემბურგთან მოგება მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფინალშიც გამარჯვებას და ქართველი გულშემატკივრის გახარებას შევეცდებით“.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალს საბერძნეთის ნაკრებთან 26 მარტს „დინამო არენაზე“ ჩაატარებს.