გურამ კაშია - ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია, მაგრამ ჩვენ მაინც მაქსიმალურად დავიხარჯებით #1TVSPORT
გურამ კაშია - ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია, მაგრამ ჩვენ მაინც მაქსიმალურად დავიხარჯებით #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მორიგ შეხვედრამდე „ნუევო ვივერო დე ბადახოსზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სინიოლს გურამ კაშია ახლდა.

„ჯვაროსნების“ ვიცეკაპიტანმა მოახლოებულ დაპირისპირებამდე გუნდის წევრების ფსიქოლოგიურ განწყობაზე ილაპარაკა.

„ორი აზრი არაა, რომ ხვალინდელი მატჩის ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია. მას ყველა უპირატესობას ანიჭებს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პირველივე წუთებიდან შეეცდებიან, გაგვიტანონ. კოსოვოსთან დამარცხების შემდეგ ჩვენთვის ძალიან ძნელია ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოსვლა, მაგრამ შევეცდებით, ძალები მოვიკრიბოთ და მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ“, – განაცხადა გურამ კაშიამ.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა არ დამალა, რომ მეტოქე ფავორიტია. თუმცა, გუნდის მოტივაციაც ახსენა:

„ის ფაქტი, რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენ ესპანეთთან პირველი შეხვედრა კარგად ვითამაშეთ, აუცილებლად დაგვეხმარება. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ნაკრების გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თამაშში მაქსიმალურად დავიხარჯებით, მთელს ჩვენს ენერგიას დავდებთ და ყველაფერს შევეცდებით, თამაშისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მივიღოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.