გურამ კაშია - ძლიერ მეტოქეებთან მოვხვდით, მაგრამ ჩვენი გუნდის მჯერა #1TVSPORT
გურამ კაშია - ძლიერ მეტოქეებთან მოვხვდით, მაგრამ ჩვენი გუნდის მჯერა #1TVSPORT

შვედეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს გუნდის ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშიაც ახლდა, რომელმაც მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ახალი მწვრთნელი გვყავს და ახალ სათამაშო სქემას ჯერ კიდევ ვითვისებთ, შევეცდებით, რომ კარგად ვითამაშოთ და შესარჩევი ეტაპი წარმატებით დავიწყოთ. სამწუხაროდ, ახალ მწვრთნელის ხელმძღვანელობით მხოლოდ ორჯერ ვივარჯიშეთ და მოსამზადებლად დრო არ გვქონდა, მაგრამ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ, ახალი სათამაშო სქემა რომ შეგვესწავლა და ხვალ მაქსიმუმი რომ ვაჩვენით. რთულ ჯგუფში, ძალიან ძლიერ მეტოქეებთან მოვხვდით, მაგრამ მჯერა ჩვენი გუნდის, რომ შედეგის მიღწევა შეგვიძლია“, – ამბობს გურამ კაშია.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ილაპარაკა, რომლის წინააღმდეგაც ამერიკის საფეხბურთო ლიგაში „სან ხოსეს“ ფორმით გამოსვლისას ორჯერ ითამაშა: „იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. მისი დაბრუნება ფეხბურთისთვისაც კარგია და შვედეთისთვისაც. ჩვენთვის დიდი გამოწვევაა ასეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში“.

შვედეთი-საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.