გურამ კაშია ბრატისლავის „სლოვანთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანი“ გურამ კაშიასთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე მუშაობს – ინფორმაციას GeoTeam-ი ავრცელებს.
გურამ კაშიამ ახალი სეზონისთვის მზადება „სლოვანთან“ ერთად დაიწყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანს სლოვაკურ კლუბთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, თუმცა მხარეები ამ საკითხზე მუშაობენ.
GeoTeam-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს კლუბში დარჩენა სურს. რაც მთავარია, „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის სურვილია, რომ კაშია კიდევ ერთი წლით შეინარჩუნოს, რადგან 37 წლის ქართველი მცველი მისთვის გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურაა. დიდი ალბათობით, შეთანხმება შედგება.
ვლადიმირ ვაისი და გურამ კაშია 2016 წლიდან საქართველოს ნაკრებში ერთად მუშაობდნენ, 2021 წელს კი ვაისმა „სლოვანი“ ჩაიბარა და, კაშიასთან ერთად, გუნდში ჯერ ჯაბა კანკავა მიიწვია, შემდეგ კი – გიორგი ჩაკვეტაძე.