გურამ კაშია - ბრატისლავა შემიყვარდა და მინდა, „სლოვანში“ დიდხანს დავრჩე #1TVSPORT
გურამ კაშია - ბრატისლავა შემიყვარდა და მინდა, „სლოვანში“ დიდხანს დავრჩე #1TVSPORT

ბრატისლავას „სლოვანში“ გადასულმა გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონის პრესსამსახურთან ინტერვიუში გუნდთან, ქვეყანასთან და ქალაქთან ადაპტაციაზე ისაუბრა.

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ვლადიმირ ვაისის მიწვევით ახალ გუნდში ზაფხულში ჩაირიცხა, ადგილი დაიმკვიდრა და ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს. თუმცა, აღიარა, რომ ყველაფერი იოლი არ ყოფილა.

„სეზონის დასაწყისიდან ევრთასების საკვალიფიკაციო ეტაპებზე დიდი ზეწოლა და სტრესი განვიცადეთ. საბოლოოდ, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდით, რომელმაც განსაზღვრა, თუ როგორი იქნება მთელი სეზონი. ეს რთული პერიოდი იყო ჩემთვის. თუმცა, თანდათან შევეგუე რიტმს, რაშიც თანაგუნდელებიც დამეხმარნენ“, – განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი სლოვაკეთით მოხიბლულია და ამბობს, რომ ბრატისლავას გუნდში დიდხანს დარჩენა სურს.

„მე შემიყვარდა ბრატისლავა. ქალაქში გადაადგილება ადვილად და სწრაფადაა შესაძლებელია და ჩემი ოჯახიც კარგად შეეგუა. აქ კარგი ხალხია, ადგილობრივი საკვებიც შესანიშნავია. მინდა, „სლოვანში“ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე, მაგრამ ჩვენ კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ და შემდეგ ვნახოთ. აქ თავს კარგად ვგრძნობ“, – ამბობს კაშია.