გურამ კაშია ბავშვებს მიმართავს - ბულინგის შემთხვევაში, შეგიძლიათ „ინსტაგრამზე“ მომწეროთ, აუცილებლად მოგისმენთ
გურამ კაშია ბავშვებს მიმართავს - ბულინგის შემთხვევაში, შეგიძლიათ „ინსტაგრამზე“ მომწეროთ, აუცილებლად მოგისმენთ

PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, კამპანიის კეთილი ნების ელჩი, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ესტუმრნენ.

გურამ კაშიამ ბავშვებს მიმართა და საკუთარი ბავშვობის შესახებ უამბო, როცა სპორტი ნაკლებად იყო პოპულარული მოზარდებში.

„სკოლაში სიარული რომ დავიწყე, ფეხბურთი არ იყო პოპულარული, სპორტი საერთოდ არ იყო პოპულარული ახალგაზრდა თაობაში, რადგან ისეთი დრო იყო, სპორტი არავის აინტერესებდა, აინტერესებდათ უფრო კრიმინალური მენტალიტეტი.

მიხარია, რომ ეს მენტალიტეტი საერთოდ ისპობა და სპორტი შემოდის ბავშვებში. სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა. ფეხბურთელი რომ ვიყავი, არ ვიყავი პოპულარული, ბევრი მეგობარი არ მყავდა. მართალი გითხრათ, უფრო გოგონებთან ვმეგობრობდი. ბუფეტში ვერ ჩავდიოდი, რადგან „კაი ბიჭები“ იდგნენ, ხურდას მთხოვდნენ და მათი მართლა მეშინოდა, პატარა ვიყავი.

ამ პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა, მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი. ამის გამო ვიჩაგრებოდი, მაგრამ სიტყვა ბულინგი არ ვიცოდი, ჩაგვრა თუ იყო. სახლში მეუბნებოდნენ, არავინ დაგჩაგროს, არ იტიროო. ერთი კვირის წინ ვბღაოდი, მამაჩემია ძალიან ცუდად, საავადმყოფოშია და  ჩვეულებრივად ვტიროდი – ტირილი არ არის სირცხვილი, შეიძლება, კაცმაც იტიროს“, – უთხრა გურამ კაშიამ ბავშვებს.

ფეხბურთელმა მათ მოუწოდა, ბულინგის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ ახლობლებს.

„თუ რამის გეშინიათ, ისეთი ადამიანი უნდა იპოვოთ, ვისაც ენდობით და მოუყვებით – დირექტორი, მასწავლებელი, თუნდაც მე. „ინსტაგრამზე“ შეგიძლიათ, მომნახოთ და თქვენი ტკივილი გამიზიაროთ, აუცილებლად მოგისმენთ“, – მოუწოდა ფეხბურთელმა ბავშვებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებსა და მოსწავლეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.