გურამ გიორბელიძე - მოედანზე დაბრუნება დიდი სიხარული იყო
გურამ გიორბელიძე - მოედანზე დაბრუნება დიდი სიხარული იყო

გურამ გიორბელიძემ 19 ივლისის შემდეგ პირველად ითამაშა. 24 წლის ქართველმა მცველმა სადებიუტო შეხვედრა ახალ გუნდში, ავსტრიულ „ვოლსბერგერში“ ევროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირზე ჩაატარა.

გიორბელიძისა და ლუკა ლოჩოშვილის ავსტრიულმა „ვოლფსბერგერმა“ ზაგრების „დინამოს“ უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა. ქართველი მცველი ავსტრიელთა რიგებში 82-ე წუთზე გამოჩნდა.

„როგორც იქნა, მოედანზე დავბრუნდი და ძალიან გახარებული ვარ. 10 წუთი შევედი. ცუდი ისაა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ყველაფერი წინ არის. სათამაშოდ თამამად შევედი, ისეთი გახარებული ვიყავი. 19 ივლისის შემდეგ არ მითამაშია და ამ ხნის განმავლობაში სულ ამ მომენტზე ვფიქრობდი. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. აქედან იწყება ჩემი ავსტრიული კარიერა და დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებები წინაა“, – ამბობს გიორბელიძე.

უცნობი ამბავია – გურამ გიორბელიძე ავსტრიულ გუნდში ივლისში ჩაირიცხა, მაგრამ ტრავმირებული ჩავიდა და საქმე ისე გართულდა, კონტრაქტის გაწყვეტაზეც იყო ლაპარაკი. „ვოლსფბერგერის“ მწვრთნელი გიორბელიძის დატოვების აუცილებლობაში ყოფილმა გუნდელმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა, გიორგი ფოფხაძემ დაარწმუნა – მოულოდნელად, გიორბელიძემ სწრაფად მოახერხა რეაბილიტაცია და ახლა უკვე მზადაა, რომ ძირითადში ითამაშოს.

„90 წუთს როდის ვითამაშებ, რა თქმა უნდა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მაგრამ მე უკვე თავს კარგად ვგრძნობ და 100 პროცენტით შემიძლია მოედანზე დავიხარჯო“, – აბობს გიორბელიძე.