გუნდმა ძალიან რთული თამაში გაამარტივა - ინგლისის მწვრთნელმა სენეგალთან გამარჯვებაზე ისაუბრა #1TVSPORT
გუნდმა ძალიან რთული თამაში გაამარტივა - ინგლისის მწვრთნელმა სენეგალთან გამარჯვებაზე ისაუბრა #1TVSPORT

გარეთ საუთგეიტმა სენეგალთან მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის მოგების (3:0) გამო თავისი ფეხბურთელები შეაქო – ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა საფრანგეთის ნაკრებზეც, რომელსაც მისი გუნდი მეოთხედფინალში დაუპირისპირდება.

„ჩვენი საუკეთესო შესაძლებლობები მაშინ გამოვავლინეთ, როდესაც მეტოქეს ბურთი წავართვით. თამაშის ამ ასპექტში გამორჩეულები ბელინგემი და ჰენდერსონი იყვნენ. ორივე ნახევარმცველი თამაშს კარგად კითხულობს. ჰენდერსონი ლიდერია, ის აერთიანებს გუნდს.

ჰარი კეინისთვისაც და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ მან გოლი გაიტანა. რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და მათთვის შანსის მიცემა გამართლებული იყო, რადგან ეს თამაშები ბრწყინვალე ცხოვრებისეული გამოცდილებაა. მათი პროგრესი ფენომენალურია. გუნდმა დღევანდელი ძალიან რთული თამაში გაამარტივა.

საფრანგეთი გამორჩეული გუნდია, ფენომენალური მიღწევებით და რამდენიმე გამორჩეული პიროვნებით. ასე რომ, ეჭვგარეშეა, ეს იქნება თამაში, რომელშიც ჩვენ უმაღლესი დონის ჩვენება დაგვჭირდება“, – განაცხადა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი ინგლისსა და საფრანგეთს შორის 10 დეკემბერს არის დაგეგმილი.