გუნდი, 47 წლის კაპიტნით და მხოლოდ ერთი მეკარით, ლიგა 3-ში დაწინაურდა
გუნდი, 47 წლის კაპიტნით და მხოლოდ ერთი მეკარით, ლიგა 3-ში დაწინაურდა

თბილისის „დიდუბე 2014“-მა საქართველოს ლიგა 4-ის (წითელი ჯგუფის) ბოლო ტურში გასვლაზე „მცხეთა პარკში“ „ვიტ ჯორჯია 2“ 0:2 დაამარცხა, ლიგის გამარჯვებული გახდა და ლიგა 3-ში დაწინაურდა.

„რეალობად ქცეული ოცნება. ქართული ფეხბურთის კონკიას ზღაპარი – სახელად 2020 წლის სეზონი, „ჰეფი ენდით“ დასრულდა. საფეხბურთო კლუბი „დიდუბე 2014“ მე-4 ეროვნული ლიგის ჩემპიონია და მომავალ სეზონში ლიგა 3-ში იასპარეზებს“, – ასე გამოეხმაურა გუნდის ოფიციალური გვერდი „დიდუბე 2014“-ის წარმატებას.

გუნდი 2014 წელს ვეტერანმა ფეხბურთელმა ლაშა მიმინოშვილმა და ლადო ძნელაძემ დააფუძნეს და ბავშვების ჯგუფებს მინი-მოედანზე ავარჯიშებდნენ. მერე დიდ მოედანზე გადაინაცვლეს. „დიდუბე 2014“-ის კაპიტანი 47 წლის როინ ონიანია, რომელსაც საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია. „დიდუბე 2014“ საფეხბურთო სკოლად ჩამოყალიბდა, მალე დიდების გუნდი დააფუძნეს და ყველაზე დაბალი ლიგიდან ორ წელიწადში, მძიმე ბრძოლაში რანგით მე-3 ქართულ ლიგაში გადავიდნენ.

„სეზონის მსვლელობის დროს , ცოტა თუ მოიძებნებოდა ისეთი ოპტიმისტი, რომელიც ამ სასწაულს ირწმუნებდა… იმიტომ, რომ სეზონის ძირითადმა ნაწილმა 12 მოთამაშის მხრებზე გადაიარა, იმიტომ რომ ეს მოთამაშეები პრაქტიკულად ენთუზიასტები იყვნენ და დღეს გმირები არიან, იმიტომ, რომ მათგან მთავარი, როინ ონიანი 47 წლისაა! იმიტომ რომ გუნდის ხელმძღვანელობა და კლუბის წევრები, მიუხედავად წარმოუდგენელი ფინანსური სიდუხჭირისა, თავს და გულს არ იშურებდნენ წარმატებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში მხოლოდ ერთი სრულფასოვანი შემცვლელი იყო სათადარიგოთა სკამზე და მხოლოდ ერთი მეკარე ჰყავდათ შემადგენლობაში, 47 წლის კაპიტანმა, როინ ონიანმა კი შეუცვლელად ითამაშა, ბიჭების თავდადებულმა თამაშმა შედეგი მოიტანა. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. თუმცა ყველაფერი ოდესმე და თანაც, პირველად ხდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალ სეზონში ლიგა 3-ში აღზევებული გუნდი ზრდას განაგრძობს და ვინ იცის, იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს ეროვნული ლიგის კარიც თავაწეულმა შეაღოს“, – ვკითხულობთ „დიდუბე 2014“-ის გვერდზე.