გულშემატკივრების აქცია ქობულეთში - „შუქურაში“ ისევ გაურკვევლობაა #1TVSPORT
გულშემატკივრების აქცია ქობულეთში - „შუქურაში“ ისევ გაურკვევლობაა #1TVSPORT

ქობულეთის მერიის წინ მშვიდობიანი აქცია გაიმართა, რომლის მთავარ მიზანს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „შუქურას“ გადარჩენა წარმოადგენდა.

დეკემბრის ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ „შუქურას“ ადმინისტრაციას დავალიანება დაუგროვდა –  ფეხბურთელები და კლუბის პერსონალი კუთვნილ ხელფას-პრემიებს ითხოვდნენ, სხვაგვარად ვარჯიშზე უარს აცხადებდნენ.

კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა დირექტორმა, ირაკლი ბერიძემ.

20 იანვარს ქობულეთის მერიასთან „შუქურას“ ფეხბურთელები, კლუბის ყოფილი დირექტორი და ვეტერანი სპორტსმენები შეიკრიბნენ. კლუბის ინვესტორისგან იყო დაპირება, რომ 20 იანვრამდე ყველა პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დავალიანება კვლავაც გასასტუმრებელია.

აქციის მონაწილეები შეხვდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ზოიძეს, რომელიც კლუბში არსებულ ვითარებას გაეცნო და შეკრებილებს მის გამოსასწორებლად თანადგომას დაჰპირდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 25 თებერვალს იწყება, მაგრამ ახალი სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე „შუქურაში“ კვლავ დიდი გაურკვევლობაა.