გულშემატკივრები და გუნდები უეფას გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ
გულშემატკივრები და გუნდები უეფას გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ

ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეულმა ჯგუფებმა გააპროტესტეს უეფას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალში მონაწილე გუნდების ქომაგებზე მხოლოდ ბილეთების მესამედი გამოიყო. ფანები ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს კორუფციაში ადანაშაულებენ და ბილეთების განაწილების საკითხში მეტ გამჭვირვალობას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ გადამყიდველ ინტერნეტ-საიტზე ერთი ბილეთის ფასი უკვე 5500 ფუნტი სტერლინგი ღირს.

ქომაგებს მხარი გუნდების მწვრთნელებმაც დაუჭირეს და, გარდა ბილეთების საკითხისა, ფინალების გამართვის ადგილების შერჩევის პრინციპიც გააკრიტიკეს.

„როგორ შეიძლება, ფინალის კიევში ან ბაქოში დანიშვნა? რას ჭამს ეს ხალხი საუზმეზე, ძალიან მაინტერესებს“, – ირონიულად აღნიშნავს ლივერპულის დამრიგებელი იურგენ კლოპი.

გერმანელი სპეციალისტის თქმით, მას სავსებით ესმის გულშემატკივრების, რომლებსაც მოგზაურობასა და სასტუმროში არაორდინარულად გაზრდილი ფასების გადახდა უწევთ.

ფასებზე ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომაც დაიჩივლა. მან განაცხადა, რომ ნათესავებისთვის სურდა სასტუმროს დაჯავშნა, მაგრამ ფასები „აბსოლუტურად არანორმალურია“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ლივერპულსა და ტოტენჰემს შორის წელს მადრიდში, სტადიონ ვანდა მეტროპოლიტანოზე გაიმართება, ევროპა ლიგის ფინალში კი ჩელსი და არსენალი ერთმანეთს ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე დაუპირისპირდებიან.