გულიაშვილმა ბოსნიის თასზე დუბლი შეასრულა - „ველეზ მოსტარი“ გათამაშებას მაინც გამოეთიშა #1TVSPORT
გულიაშვილმა ბოსნიის თასზე დუბლი შეასრულა - „ველეზ მოსტარი“ გათამაშებას მაინც გამოეთიშა #1TVSPORT

გიორგი გულიაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინის თასზე დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს „ველეზ მოსტარს“ „შიროკი ბრიეგთან“ შეხვედრის მოსაგებად არ ეყო და გათამაშებას გამოეთიშა – 2:3.

„ველეზ მოსტარს“ თასის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად 1:2 ჰქონდა წაგებული და განმეორებით მატჩში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.

სტუმრებმა თამაში ამჯერადაც კარგად დაიწყეს და მე-20 წუთზე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა გაიბრწყინა.

გიორგი გულიაშვილმა 32-ე წუთზე საჯარიმო ეფექტურად შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო 11 წუთში მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ანგარიში გაათანაბრა.

„ველეზ მოსტარს“ თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდა, მაგრამ 75-ე წუთზე მასპინძლებს მცველი გაუძევეს და „ველეზი“ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. ამით „შიროკი ბრიეგმა“ ისარგებლა, მესამე გოლიც გაიტანა და თასის ნახევარფინალში გავიდა.