გუჯა ლობჯანიძის მეუღლის ინტერვიუ ყაზახურ გამოცემასთან - საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გვაქვს
გუჯა ლობჯანიძის მეუღლის ინტერვიუ ყაზახურ გამოცემასთან - საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გვაქვს

გამოცემა „სპორტსთან“ ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და ყაზახური „თარაზის“ თავდამსხმელის, გუჯა ლობჯანიძის მეუღლემ, თამარ კილაძემ ოჯახზე, ფეხბურთსა და საქართველოზე ილაპარაკა.

„ძალიან გვიყვარს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ბუნებაში დასვენება და მოგზაურობა – საქართველო თითქმის მთელ მსოფლიოში ცნობილია, რადგან უნიკალური ქვეყანა, კულტურა, საკვები და ბუნება გვაქვს. ჩვენთან მთელი მსოფლიოდან უამრავი ტურისტი ჩამოდის. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა. მაგრამ ჩვენ ყველაფერი გვაქვს და ბევრი რამ შეიძლება მოინახულო. თბილისი განვითარებული და ლამაზი ქალაქია საინტერესო წარსულით. ალბათ, ყველაზე ლამაზი ადგილი ჩვენს დედაქალაქში არის რესტორანი ფუნიკულიორი – იქიდან თბილისის ძალიან ლამაზი ხედი ჩანს“, – ამბობს ყაზახურ ინტერნეტპორტალთან თამარ კილაძე.

თამარ კილაძის თქმით, ყაზახეთში თამაშით მისი მეუღლე კმაყოფილია, მაგრამ პრობლემაზეც ილაპარაკა: „თქვენს ქვეყანაში ფეხბურთის მაღალი დონეა. თუმცა, კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. ყაზახეთში მხოლოდ მოთამაშეთა მიმართ გულშემატკივრების დამოკიდებულება არ მომწონს – მაშინ, როდესაც გუნდი აგებს ან ფეხბურთელებს რაღაც არ გამოსდით, ეს დამოკიდებულება გარედან კარგად არ ჩანს. ნაკლი ყველას აქვს. თუ გუნდი გიყვარს, მას ყოველთვის მხარი უნდა დაუჭირო. შეგნებულად არავინ აგებს და ცუდად არ თამაშობს. ჩემი მეუღლე ასეთ მომენტებს ძალიან განიცდიდა.სხვათა შორის, საქართველოში ნორმალური ჩემპიონატია. მართალია, ისეთიც არა, როგორიც ყაზახეთში, მაგრამ ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია დონის ამაღლებას ცდილობს“.