გუგეშაშვილმა სათადარიგოთა სკამზე ყვითელი მიიღო - „ყარაბაღი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვერ მოხვდა #1TVSPORT
გუგეშაშვილმა სათადარიგოთა სკამზე ყვითელი მიიღო - „ყარაბაღი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვერ მოხვდა #1TVSPORT

ლუკა გუგეშაშვილს ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში არ უთამაშია, მაგრამ ყვითელი ბარათი მაინც მიიღო, მისი გუნდი კი დამარცხდა და ყველაზე პერსტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფში ვერ მოხვდა.

აზერბაიჯანის ჩემპიონი „ყარაბაღი“ პლზენში „ვიკტორიას“ „დუშან არენაზე“ ესტუმრა. გუგეშაშვილი სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ მე-19 წუთზე პორტუგალიელი მსაჯის, არტურ სუარეშ დიასის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელმაც ეს საქციელი არ აპატია და გუგეშაშვილმა სკამიდან ყვითელი ბარათის მოპოვება მოახერხა.

ბაქოში 0:0 დასრულებული პირველი მატჩის შემდეგ განმეორებით შეხვედრაში ფავორიტი „ვიკტორია“ იყო, მაგრამ 38-ე წუთზე ანგარიში აზერბაიჯანელთა ხორვატმა შემტევმა ფილიპ ოზობიჩმა კადის გადაცემის შედეგად გახსნა.

58-ე წუთზე გუგეშაშვილის კონკურენტის, შაჰრუდინ მაგომედალიევის კარიდან უაზრო გამოსვლამ გოლი გამოიწვია. „ყარაბაღის“ მეკარე ბურთს ვერ შეწვდა, კარის წინ დარჩენილ იან კოპიცას კი ცარიელი ბადის შერხევა არ გასჭირვებია – 1:1.

69-ე წუთზე „ყარაბაღის“ მცველმა საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, მაგრამ VAR-ის სისტემამ პენალტი არ დანიშნა. თუმცა, 73-ე წუთზე აზერბაიჯანის ჩემპიონი ვეღარ გადარჩა – იან კლიმენტმა მეკარეს გვერდი აუარა და ჩეხები დააწინაურა – 2:1.

საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში „ვიკტორია“ გავიდა, ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ კი ევროპის ლიგის ჯგუფში ითამაშებს.