გუგეშაშვილმა ახალ გუნდში ითამაშა - „ყარაბაღმა“ „შლიონსკთან“ წააგო #1TVSPORT
ლუკა გუგეშაშვილი და „ყარაბაღი“ თურქეთის ქალაქ ანტალიაში შეკრებაზე სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ – აზერბაიჯანულმა საფეხბურთო კლუბმა ამხანაგური მატჩები გამართა.
გურბან გურბანოვის გაწვრთნილებმა ერთ დღეს ორი შეხვედრა ჩაატარეს. პირველ მატჩში აგდამის კლუბმა სერბულ „ბაჩკა-ტოპოლასთან“ ითამაშა, საღამოს კი პოლონურ „შლიონსკს“ დაუპირისპირდა.
აზერბაიჯანულ კლუბში გორის „დილდან“ გადასულ 22 წლის მეკარეს სერბულ კლუბთან არ უთამაშია – საქართველოს ნაკრების კიპერი პოლონელების წინააღმდეგ შეხვედრაში გამოჩნდა და შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, საბოლოოდ კი ვროცლავის „შლიონსკმა“ 3:2 გაიმარჯვა.
„ყარაბაღი“ თურქულ შეკრებაზე მანამდე რუმინულ „გაზ-მეთანს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 0:0 დაასრულა. აზერბაიჯანული გუნდი კონფერენს ლიგის პლეი ოფისთვის ემზადება, სადაც მარსელის „ოლიმპიკს“ დაუპირისპირდება.