გუგა ნერგაძე - „საბურთალო“ მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და ასეც უნდა გაგრძელდეს #1TVSPORT
გუგა ნერგაძე - „საბურთალო“ მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და ასეც უნდა გაგრძელდეს #1TVSPORT

23 ივლისს „საბურთალო“ სეზონს ლანჩხუთის „გურიასთან” საქართველოს თასის მატჩით განაახლებს. მოსამზადებელი პერიოდისა და სამომავლო გეგმების შესახებ „საბურთალოს“ მწვრთნელმა, გუგა ნერგაძემ ისაუბრა.

„გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი 20 ივნისს დაიწყო. გუნდმა გაიარა ორკვირიანი შეკრება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის მეორე ნახევრის წარმატებით ჩასატარებლად. ამ შეკრების ფარგლებში გუნდმა გამართა ხუთი ამხანაგური შეხვედრა გამართა – „კაფუე სელტიქსთან“, „ურარტუსთან“, „არარატ არმენიასთან“, ბოლნისის „სიონთან“ და ხობის „კოლხეთთან“.

გამოვარჩევდი ამხანაგურ შეხვედრას სომხეთის ჩემპიონ „ურარტუსთან“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა. „საბურთალომ“ საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა. ამ ეტაპისთვის გუნდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დარწმუნებული ვარ, ეტაპობრივად, თამაშიდან თამაშამდე ფიზიკურ კონდიციებს და თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ.

ახლა ლანჩხუთის „გურიასთან“ სათასო დაპირისპირებისთვის ვემზადებით, რომელიც 23 ივლისს გაიმართება. სათასო მატჩები ერთი თამაშისგან შედგება და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კონკრეტულ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. ეროვნულ ლიგაში თამაშს რაც შეეხება, ჩემპიონობისთვის ხუთი გუნდი იბრძვის. მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, „საბურთალო“ ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და ასეც უნდა გაგრძელდეს.

„საბურთალოში“ ამ ეტაპზე ორი ახალწვეული გვყავს – თავდამსხმელი სირილ ჩამბა, რომელიც „სამტრედიაში“ გამოდიოდა, და შემტევი ნახევარმცველი ბექა გვარაძე, რომლის ბოლო კლუბიც ბელარუსის „ენერგეტიკი“ იყო. გუნდი დატოვა სამმა ფეხბურთელმა: გურამ გოშთელიანმა, ლაშა პარუნაშვილმა და ბექა დარცმელიამ“, – ამბობს თბილისური გუნდის მწვრთნელი.