გუდაურში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო - პირველი დღე თავისუფალი სტილის სახეობას, „სლოუფ სთაილს“ დაეთმო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველომ სულ ცოტა ხნის სკი კროსისა და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლა. ღონისძიება ბაკურიანში წარმატებით ჩატარდა, მომავალი წლის მსოფლიო ეტაპებისთვის მზადება კი უკვე დაწყებულია. საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის, როგორც მსოფლიო დონის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ასევე ადგილობრივი შეჯიბრებისა და ვარჯიშების ჩატარებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბაკურიანში გამართული შეჯიბრის ტრასა შენარჩუნდა და უკვე რამდენიმე კვირაა ქართველი მოთხილამურეების სავარჯიშო სივრცედ იქცა. 2021 წლის სეზონი ამით არ სრულდება, თუმცა ამჯერად დაგეგმილ ღონისძიებებს გუდაური მასპინძლობს.

3 აპრილს გუდაურში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო, პირველი დღე თავისუფალი სტილის ერთ-ერთ ცნობილ სახეობას, „სლოუფ სთაილს“ დაეთმო. შეჯიბრი ორ ნაწილად იყო გაყოფილი, მონაწილეობდნენ ისევე როგორც მოთხილამურეები, ასევე სნოუბორდერები. შეჯიბრში სულ 21-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 8 მოთხილამურე, ხოლო 13 სნოუბორდერია.

სლოუფ სთაილში დაბრკოლებების გადალახვა რამდენიმე კატეგორიად არის დაყოფილი,  სწორედ ამ კატეგორიების მიხედვით ხდება მონაწილეების შეფასება. შეჯიბრში სპორტსმენებმა ქულები ილეთების სირთულის, სტილის, ამპლიტუდისა და შესრულების მიხედვით მოიპოვეს. შეჯიბრში მონაწილეები 100-ბალიანი სისტემით ფასდებიან. მოთხილამურეებს შორის პირველი ადგილი 73 ქულით ლუკა მახვილაძემ, მეორე ადგილი კი 66 ქულით რეზი ბურდულმა მოიპოვა. მესამე ადგილი ლუი გარნიემ და ლუკა ბურდულმა გაინაწილეს, რომელბმაც 63-63 ქულა მიიღეს.

შეჯიბრის სნოუბორდის ნაწილში კი პირველ ადგილზე გუგა დვალი (75 ქულით), მეორე ადგილზე კი ლუკა რურუა გავიდა (54 ქულით). მესამე ადგილი კრის ჰიუგსმა და არის აკრიტიდისმა გაიყვეს, 50 ქულით.

დატოვე კომენტარი