გუდაურში, 4 აპრილს თავისუფალი სტილით სრიალის სახეობის, „ბიგ ეარის“ შეჯიბრი გაიმართა [ვიდეო] #1TVSPORT

გუდაურში 4 აპრილს მორიგი ჩემპიონატი ჩატარდა. White Rabbit Parks-ში თავისუფალი სტილით სრიალის ერთ-ერთი სახეობის, „ბიგ ეარის“ შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 13-მა სპორტსმენმა. სათხილამურო შეჯიბრში 6-მა, სნოუბორდში კი 7-მა მონაწილემ იასპარეზა.

„ბიგ ეარის“ ჩემპიონატში მონაწილეები ილეთის შესრულების სიზუსტითა და ნახტომის სიმაღლით შეფასდნენ. თითოეულ სპორტსმენს სამი ცდა ჰქონდა. ორი მცდელობის ქულების დაჯამებით გამოვლინდა 6 გამარჯვებული. 3 თხილამურის, 3 კი სნოუბორდის შეჯიბრში.

სათხილამურო შეჯიბრში საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის ნაკრების წევრმა ლუკა მახვილაძემ საუკეთესო ცდების ქულების ჯამური შედეგით (40 ქულით) პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ბექა ბურდული (34.5 ქულით), მესამეზე კი ნაკრების კიდევ ერთი წევრი რეზი ბურდული (31.5 ქულით) გავიდა.

სნოუბორდის შეჯიბრში ფრისტაილის ნაკრების სპორტსმენმა, ჯაბა სხვედიანმა (48.5 ქულით) პირველი ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილზე სპორტსმენი გუგა დვალი (40 ქულით), მესამე ადგილზე კი ბაქარ მუშკუდიანი (25 ქულით) გავიდა.

მსგავსი შეჯიბრებების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი სპორტსმენების განვითარებისა და წინსვლისთვის.  ასევე საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც უკვე ცნობილია, საქართველო 2023 წელს, ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, თხილამურებსა და სნოუბორდში.  მანდამდე კი,  ვალდებულების თანახმად, საქართველოში  მსოფლიოს და ევროპის თასები უნდა გაიმართოს ფრისტაილის ყველა დისციპლინაში.

შეჯიბრის მსვლელობასთან ერთად თოვლის პარკში უკვე ყველასთვის ნაცნობი  და საყვარელი „თოვლის საერთაშორისო დღეც“ გაიმართა. საქართველო უკვე მეათე წელია უერთდება მსოფლიოს სხვა ზამთრის კურორტებს და მათთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს.