გუცაევის დებიუტი პირველი არხის წამყვანის როლში - ჩივაძე საქართველოს ევრო2020-ზე მოხვედრას იმედოვნებს (ვიდეო)

დღეს, საქართველოს პირველ არხზე წამყვანის როლში დებიუტი ჰქონდა ვლადიმირ გუცაევს – ქართული ფეხბურთის ლეგენდამ გადაცემა „ტაიმაუტში“ მეორე ლეგენდა, თბილისის „დინამოს“ კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე მიიწვია.

ვლადიმირ გუცაევი: „გადაცემის წამყვანობა ძალიან საინტერესო წინადადება იყო. ქართულ ფეხბურთში ბევრი პრობლემა დაგროვდა და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ – თუმცა, ლანძღვა-გინების გარეშე. დღევანდელი გადაცემის თემა კი 26 მარტს თბილისში დანიშნული ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა იქნება, სადაც საქართველოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს. გადაცემა საინტერესო რომ ყოფილიყო, მოვიწვიე ჩემი მეგობარი, „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტანი და ძალიან კარგი სპეციალისტი ალექსანდრე ჩივაძე“.

ალექსანდრე ჩივაძე:  „მადლობა პირველ არხს, ასეთი სწორი გადაწყვეტილება რომ მიიღეთ და გადაცემის წამყვანად ვოვა მიიწვიეთ. რაც შეეხება ბელარუსთან შეხვედრას – 26 მარტს გვესტუმრება შეკრული და მობილური გუნდი, რომლის დამარცხებაც ძნელი იქნება. ახლა ბელარუსის ნაკრები თურქეთში ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. ჩვენ რატომ არ ვთამაშობთ, ეს არ ვიცი და სხვა საკითხია. ფაქტია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალი ჩვენთვის დამოუკიდებლობის პერიოდში საუკეთესო შანსია, ევროპის ჩემპიონატზე რომ მოხვდეთ. მთავარია, ნაკრების წევრები მობილიზებულები იყვნენ და ტრავმების გარეშე ჩამოვიდნენ. მაგალითად, ჩაკვეტაძე ნაკრების ლიდერია და მთელი გასული წელი გაუცდა“.

ვოვა გუცაევი: „მიხარია, რომ ბოლო დროს ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა – მართალია, დუბლშემადგენლობაში, მაგრამ მთავარია, რომ ფორმაში შედის. ის ჩვენთვის დიდი ძალა იქნება. ფეხბურთელებმა კონცენტრაცია უნდა მოახერხონ. ჟურნალისტებს კი ვურჩევ, რომ მოთამაშეებზე დიდი წნეხი არ შევქმნათ“.

ალექსანდრე ჩივაძე: „თამაშს გუნდი რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში შეხვდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 13 მაისის თამაშამდე კი საქართველოს პატრიარქმა დაგვირეკა და ამან თითოეულ ჩვენგანზე კარგად იმოქმედა. ნოდარ ახალკაცმა იცოდა, ფეხბურთელებისთვის რა ეთქვა. მთავარია, თამაშამდე ბიჭები არ გადაიწვან. ევროპის ჩემპიონატზე თუ მოვხდით, ჩვენთან ფეხბურთი არნახულად პოპულარული გახდება და ეს ამ სახეობის განვითარებასაც ხელს შეუწყობს. მე ამის იმედი მაქვს. მიხარია, რომ ასეთი გადაცემაა და რომ მას ვოვა უძღვება. წარმატებები თქვენ“.

ვოვა გუცაევი: – ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 26 მაისის თამაშამდე და შემდეგაც სტადიონიდან გავაკეთოთ გადაცემა. საშა აქვე გთხოვ, რომ იყო ჩვენთან და ვილაპარაკოთ ფეხბურთზე, თამაშზე. ეს ხალხისთვის საინტერესო იქნება.