გუბაზ სანიკიძესა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა - ახალგაზრდებს დიდგორზე ველაპარაკებოდი, რა პრეტენზიით მოხვედით

პარლამენტთან აქციაზე ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძესა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა. პოლიციამ გუბაზ სანიკიძეს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„მე ტროტუარზე ვიდექი. ველაპარაკებოდი ახალგაზრდებს დიდგორზე. რა პრეტენზიით მოხვედით. იმ მანიაკთან სამსახურს თავი დაანებე“, – განუცხადა გუბაზ სანიკიძემ პოლიციის თანამშრომელს.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს, დაშავდა სამი ადამიანი.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები-მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

„აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა“, – აცხადებენ შსს-ში.