გუბაზ სანიკიძე - მშვიდი ცხოვრება მინდა, მაგრამ თუ ქვეყანაში სამართალი არ იქნა, რა თქმა უნდა, რევოლუცია იქნება
გუბაზ სანიკიძე - მშვიდი ცხოვრება მინდა, მაგრამ თუ ქვეყანაში სამართალი არ იქნა, რა თქმა უნდა, რევოლუცია იქნება

თუ ქვეყანაში სამართალი არ იქნა, რა თქმა უნდა, რევოლუცია იქნება. აბა, როგორ იქნება? – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გუბაზ სანიკიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღეს, სამართალი არ არის, რა თქმა უნდა. სადაა, როგორ არის? მე არანაირი რევოლუცია არ მინდა და ჩემ სამშობლოში, ოჯახთან ერთად, მშვიდი ცხოვრება მინდა, რისი უფლებაც ყველას გვაქვს, მაგრამ თუ ქვეყანაში სამართალი არ იქნა, რა თქმა უნდა, რევოლუცია იქნება“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას 16 დეკემბერს დაგეგმილ ან სხვა საპროტესტო აქციებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, სანიკიძემ აღნიშნა, რომ ეს გამორიცხულია.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას გულისხმობს ის, როცა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა მისცენ და ის საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, სანიკიძემ განაცხადა, რომ ეს არჩევანი „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააკეთოს.

„პირველ რიგში, რატომაც მიმაჩნია, რომ სააკაშვილი ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს, ისაა, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ეს იწილო-ბიწილო უნდა დამთავრდეს, რათა ყოველი არჩევნების წინ არ იყოს საფრთხე, რომ სააკაშვილი დაბრუნდება და ყველას თავებს დაგვაჭრის. თუ დასაჭერია, დაბრუნდეს, დაიჭირონ და გაასამართლონ, თუ არადა, ის რა თქმა უნდა, თავის პოლიტიკურ ორგანიზაციას ჩაუდგება სათავეში“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

სანიკიძის თქმით, ღმერთმა არ ქნას, მოვლენები ასე განვითარდეს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რომ საქართველოში ჩამოვიდეს, დარწმუნებულია, ეს ხელისუფლება, თავისი ბელადის მეთაურობით, ქვეყნიდან გაიქცევა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მათთან ერთად ითხოვს საარჩევნო გარემოს შეცვლას.

„იმიტომ, რომ ჩვენ ამას არჩევნებამდეც მოვითხოვდით და ძალიან დიდი ხანიც. ქრონოლოგიას და თანმიმდევრობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „დემოკრატიული მოძრაობა“ ამას ძალიან დიდი ხანია ითხოვს, 2016 წლიდან – დაფიქსირებულად და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ჭკუაზე ახლა მოვიდა. ამიტომ, სწორი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება ამას და არა ჩვენ – „ნაციონალური მოძრაობას“. ჩემი მიშა სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიწებება არ გამოვა. ეს „ოცნებას“ არ გამოუვა. ძალიან ბევრი ცდილობს, მაგრამ ეს არავის არ გამოუვა“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ამ განცხადებით გუბაზ სანიკიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ის და ნინო ბურჯანაძის პარტია საარჩევნო სისტემის შეცვლას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ითხოვს.