გუარდიოლა - ოთხი ტიტულის მოგების შანსი თითქმის აღარ გვაქვს
გუარდიოლა - ოთხი ტიტულის მოგების შანსი თითქმის აღარ გვაქვს

პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ კაილ უოკერის დაშავების შემდეგ, მის გუნდს წელს ოთხი ტიტულის მოგების შანსები თითქმის აღარ დარჩა. ბრაიტონთან ასოციაციის თასის ნახევარფინალში (1-0) უოკერი მოედნიდან პირველი ტაიმის ბოლოს გაიყვანეს, სერხიო აგუეროს კი, რომელმაც ეს თამაში ტრავმის გამო გააცდინა, ბოლო დღეების განმავლობაში ერთხელაც არ უვარჯიშია.

„ერთი რამ უნდა გამოგიცხადოთ: ოთხი ტიტულის მოგება თითქმის შეუძლებელია. თითქმის“, – განაცხადა გვარდიოლამ პრეს-კონფერენციაზე. – „ყველა მატჩში ვკარგავთ თითო ფეხბურთელს და ამაში გასაკვირი არაფერია, როდესაც ამდენი თამაშის ჩატარება გვიწევს“.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტიმ წელს კარაბაოს თასი (ლიგის თასი) უკვე აიღო, როდესაც ფინალში ჩელსი დაამარცხა პენალტების სერიაში. გარდა ამისა, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში გუნდი ამჟამად მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება ლივერპულს, თუმცა მერსისაიდელებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კიდევ ორი ტიტული, რომელთა მოგების შანსი სიტის ჯერ კიდევ დარჩა, ინგლისის ასოციაციის თასი და უეფას ჩემპიონთა ლიგაა.

ასოციაციის თასის ფინალში მანჩესტერელები უოტფორდს დაუპირისპირდებიან, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი ტოტენჰემთან გაარკვევენ ურთიერთობას.