გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისის აეროპორტის ინციდენტში მონაწილე პირებს ​„გალიებიდან გამოშვებული ბანდიტები“ უწოდა
გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისის აეროპორტის ინციდენტში მონაწილე პირებს ​„გალიებიდან გამოშვებული ბანდიტები“ უწოდა

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისის აეროპორტის ინციდენტში მონაწილე პირებს ​„გალიებიდან გამოშვებული ბანდიტები“ უწოდა. ვაშაძის თქმით, ოპოზიცია კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს და იმავეს ითხოვს ხელისუფლებისგანაც.

„დღეს თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს ქუთაისში თავს დაესხნენ გალიებიდან გამოშვებული ბანდიტები და ოჯახს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს არის ორგანიზებული კამპანია. არ გეგონოთ, რომ ეს იყო რაღაც იზოლირებული მოვლენა. მიზანმიმართულად, დილიდან ელოდებოდნენ ოჯახს აეროპორტში სპეციალურად. ეს დაშინების კამპანია არის მართული ე.წ. ხელისუფლების მიერ, პოლიტიკური პოლიციის მიერ, რომელიც თავის თავს სუს-ს ეძახის და მასთან შეზრდილი კრიმინალების მიერ. ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ არავის ეშინია თქვენი, მეორე – ყველა გეგმას, რაც ჩვენ დასახული გვაქვს, აუცილებლად განვახორციელებთ. მესამე – არ მოგცემთ უფლებას, არც ერთ ჩვენს მხარდამჭერს, შტაბის აქტივისტს, ხელმძღვანელს, არავის, ვინც ჩვენს კამპანიასთან იყო დაკავშირებული, არც ერთ ამომრჩეველს, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოთ. ყველა ასეთ ფაქტს მივიტანთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან და დამიჯერეთ, მე ამის საშუალება მაქვს.

ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, ვრჩებით კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში და იგივეს მოვითხოვთ ე.წ. ხელისუფლებისგან. ნუ დაკარგავთ საბოლოოდ ადამიანის სახეს. არჩევნები მოიპარეთ, ხალხის ნებას მიაფურთხეთ, უამრავი ბიულეტენია გაუქმებული, კალათებით ყარეთ ბიულეტენები საარჩევნო ყუთებში, ის მაინც ეცადეთ, რომ დარჩეთ ქართველობის და ადამიანობის ფარგლებში და ქალზე მაინც არ აღმართოთ ხელი. ეს კამპანია თუ გაგრძელდა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შეშინებით ვერ შეგვაშინებთ და თქვენ ამ კამპანიის მართვას ვერ შეძლებთ, რადგან არავის არასოდეს კრიმინალების მართვა არ გამოსვლია და არც თქვენ გამოგივათ. ყველაფერზე მიიღებთ საკადრის პასუხს, მაგრამ მიიღებთ პასუხს ისე, როგორც ეს ცივილიზებულ ძალას შეეფერება, რომელიც ჩვენ ვართ და თქვენ საერთოდ გასული ხართ ცივილიზებულობის, კონსტიტუციურობის და სამართალის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს ჯონი გიგანსა და რამდენიმე პირს შორის ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.