გრიგოლ ვაშაძე - ვიცოდი შეთავაზებაზე, რომელიც ზელენსკიმ გაუკეთა ჩემს პრეზიდენტს, ადეიშვილზე ნუ მკითხავთ, პატიოსნად გეუბნებით, არ ვიცი
გრიგოლ ვაშაძე - ვიცოდი შეთავაზებაზე, რომელიც ზელენსკიმ გაუკეთა ჩემს პრეზიდენტს, ადეიშვილზე ნუ მკითხავთ, პატიოსნად გეუბნებით, არ ვიცი

დანიშვნებზე ნუ მკითხავთ, რადგან მართლა არ ვიცი, პატიოსნად გეუბნებით, – განუცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ხომ არ იქნება სხვა დანიშვნებიც, მაგალითად ზურაბ ადეიშვილის.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ის საქმის კურსში იყო.

„მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა, უფრო სწორად ზელენსკის მიერ გაკეთებული შეთავაზება საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, რაც გაუკეთა ჩემს პრეზიდენტს, მე ეს ვიცოდი ზაგრების სამიტის შემდეგ.

ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე ვილაპარაკეთ მე და მიშამ ამაზე და იმ დროიდან ვიცი, რომ ეს წინადადება მაგაზეა და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანხმობას ელოდებოდა. სხვა დანიშვნებს ნუ მკითხავთ, უბრალოდ საქმის კურსში არ ვარ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ „სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში არ არის ეს არც ერთი სახელმწიფოს და მით უმეტეს საქართველოს საქმე“.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინის სუვერენული სახელმწიფო გადაწყვეტს, ვინ რა თანამდებობაზე დანიშნოს.

„დიპლომატიური პრაქტიკიდან გამომდინარე ელჩის გამოწვევა კიევიდან, „ზრდილობიანი მოტივით“, ვითომ კონსულტაციების ჩასატარებლად კიდევ უფრო უგუნური ნაბიჯია, რადგან ელჩს კონსულტაციებზე სახელმწიფოდან არავინ იწვევს. დამერწმუნებით, ელჩს სახელმწიფოდან იწვევენ მაშინ, როდესაც სახელმწიფოები დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ზღვარზე არიან ან კიდევ, ჯვარი აქაურობას, ომის საფრთხეა. თუ წყნარად და მშვიდად შეძლებს, რაშიც ეჭვი მეპარება „ქართული ოცნება“, შეხედოს ამ მოვლენებს უკრაინაში, ეს საქართველო-უკრაინის მოვლენებს წაადგება. თუ ისეთივე ისტერიაში იქნებიან, როგორშიც იყვენ 8 მარტის შეთანხმებაზე და სააკაშვილის დანიშვნაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობები გაცივდება.

ერთი რამ მინდა ვთქვა, ელჩი რომ დაბრუნდება თბილისიდან კიევში, ცოტა ხნით მოუწევს პოლიტიკურ კარანტინში ჯდომა. გაურთულდება ყველა შეხვედრა, არავინ აღარ მიიღებს კარგა ხანი“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

დატოვე კომენტარი