გრიგოლ ვაშაძე ონში დაჭრილი მათი შტაბის ხელმძღვანელის მკურნალობის ხარჯების დაფარვას სახელმწიფოს სთხოვს
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე ონში დაჭრილი მისი საპრეზიდენტო შტაბის ხელმძღვანელის ნოდარ ბურდილაძის მკურნალობის ხარჯების გაღებას სახელმწიფოს სთხოვს. ვაშაძის თქმით, დაჭრილს სეფსისი განუვითარდა, რის სამკურნალოდაც ძვირად ღირებული მედიკამენტი სჭირდება, რომელიც საქართველოში არ იყიდება.
„დაჭრილს გამოუწერეს წამლები, რომელიც არ არის საქართველოში და ოჯახს შეძენის საშუალება არ აქვს. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ ჯანდაცვის სამინისტროსგან, სასწრაფოდ მიხედონ ნოდარ ბურდილაძეს. იმაზე არ ვლაპარაკობ, რომ ეს არის უმძიმესი დანაშაული. ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, დაინტერესდით ამით“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
ვაშაძე განმარტავს, რონ დაჭრილს გარკვეულ ეტაპამდე დაეხმარნენ, თუმცა მისი ფინანსური დახმარების რესურსი ოპოზიციას აღარ აქვს.
გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ნოდარ ბურდილაძეს საკუთარ სახლთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დახვდნენ, პროვოკაციაზე გამოიწვიეს და ე.წ. სპიცით დაჭრეს. ის თერჯოლაში, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანეს.