გრიგოლ ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება საქართველოსთვისაც დადებითი მოვლენაა
გრიგოლ ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება საქართველოსთვისაც დადებითი მოვლენაა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სამართლიანად მიიჩნევს.

„რაც მოხდა უკრაინაში, ამტკიცებს, რომ ფულს ყოველთვის დაამარცხებს იდეოლოგია და ღირებულებები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის გარეშე დატოვება იყო როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი და მორალური პრობლემა.

„გაერთიანებული ერების კონვენციის მიხედვით, კატეგორიულად უნდა შემცირდეს მოქალაქეობის არმქონე ადამიანების რაოდენობა. არ შეიძლება, პირს ჩამოერთვას მოქალაქეობა, თუ ის რჩება მოქალაქეობის გარეშე. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, ყოველთვის სამართლის, კონსტიტუციის, კანონმდებლობის გზით მივაღწევთ გამარჯვებას. მიხეილ სააკაშვილს, ადამიანს, რომელმაც შექმნა თანამედროვე ეფექტური სახელმწიფო, რომლის დამსახურებით დღემდე არსებობს საქართველოს რესპუბლიკა, მას დაუტოვა ინსტიტუტები, ბიუჯეტი, დროშა და ჰიმნი, ჩამოართვეს მოქალაქეობა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება საქართველოსთვისაც დადებითი მოვლენაა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექსპრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.