გრიგოლ ვაშაძე - ლევან ბერძენიშვილის ჯაშუშობასთან დაკავშირებული სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია
გრიგოლ ვაშაძე - ლევან ბერძენიშვილის ჯაშუშობასთან დაკავშირებული სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია

ლევან ბერძენიშვილის ჯაშუშობასთან დაკავშირებული სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ლევან ბერძენიშვილის ჯაშუშობაში დადანაშაულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„2007 წელს მე ვიყავი რიგითი მოქალაქე და ვერანაირ მონაწილეობას ამ ინციდენტში ვერ მივიღებდი. მეორეც, მე პარტიის წევრი არ ვყოფილვარ 2017 წლის 21 იანვრამდე. მესამეც, მე არასდროს არ ვთვლიდი ბატონ ლევან ბერძენიშვილს არავის ჯაშუშად და ვთვლიდი ადამიანად, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი ეროვნულ მოძრაობაში, რომლის უშუალო მონაწილეობით ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც მას ვუთხარი პირადად, ჯერ პირად შეხვედრაზე, მერე პირადად დავადასტურე.

ეს სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია. დღეს არის მხარდაჭერის, გაერთიანების დრო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმისთვის რომ მოხდეს იმ მახინჯი სისტემის დემონტაჟი, რომელიც ბადებს ერთპიროვნულ ან ერთპარტიულ მმართველობას და „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოთხ ნოემბერს, ქუთაისში მექნება გამოსვლა, სადაც ჩვენ ვილაპარაკებთ იმ რეფორმებზე, რომელიც სასწრაფოდ არის გასატარებელი და რომლის დიდი ნაწილი „რესპუბლიკურ პარტიასთან“ უკვე შეთანხმებულია. არის დიდი ნაწილი, რომელზეც „რესპუბლიკური პარტიის“ ექსპერტიზა გვჭირდება და ამ საკითხების განხილვა ჯერ არ დაგვიმთავრებია. მაგრამ ძალიან ბევრი საკითხი უკვე შეთანხმებული გვაქვს სხვა პარტიებთან და ორშაბათს, დიდი ალბათობით, დამატებით ინფორმაციას მიიღებთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებთან კონსულტაციები დღეს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ „რესპუბლიკელებმა“ განაცხადეს, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ მხარს.