გრიგოლ ვაშაძე - გორში მომხდარ ბარბაროსულ ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“
გრიგოლ ვაშაძე - გორში მომხდარ ბარბაროსულ ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გორში მათი პარტიის ოფისის დაზიანების ფაქტზე პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებს. ამის შესახებ მან ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ხელისუფლების მიერ წახალისებულმა და მათგან მოგზავნილმა ბოროტმოქმედებმა მეოთხედ დაარბიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი შიდა ქართლში, დამსხვრეულია ავეჯი, დაზიანებულია ტექნიკა, ცივი იარაღით შეიარაღებული პირი იდგა ოფისის წინ და მუქარას უგზავნიდა იმ ადამიანებს, ვინც ამ ორგანიზაციაში მუშაობდა. პირველ სამ შემთხვევაში ხელისუფლებას თითი არ გაუნძრევია, ინტერესი არ გამოუჩენია და პასუხისმგებლობა არ აუღია იმაზე, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისს რეგულარულად არბევენ, რეგულარულად უშლიან ხელს და ყველანაირად ცდილობენ, წაგვართვან ის უფლებები, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.

მთლიანად პასუხისმგებლობა ამ ბარბაროსულ ფაქტზე ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რადგან გასაგებია, რომ არც ერთი ადამიანი არ გაბედავდა და ვერ გაბედავდა ჩვენი ოფისის დარბევას ეს რომ პირდაპირ არ იყოს შეკვეთილი და წახალისებული „ქართული ოცნების“ მიერ. ყველანაირი აქტი, არ აქვს მნიშვნელობა, ოფისის დარბევა იქნება ეს, ჩვენი პარტიის წევრებზე და მხარდამჭერებზე თავდასხმა, სიცრუისა და ცილისწამების ტალღა, რომელიც მუდმივად მოდის სახელისუფლებო ტელევიზიებიდან და სხვა ინფორმაციების წყაროებიდან, ეს ყველაფერი არის იმ იმ ზიზღის კამპანიის შედეგი, რასაც შეუჩერებლივ ეწევა 2013 წლიდან. ეს იმ ზიზღის კამპანიის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანიც არის მთავარი ოპოზიციური პარტიის ფიზიკური განადგურება და ყველანაირად ხელის შეშლა იმაში, რაც აბსოლუტურად გარდაუვალია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია დაამარცხებს ხელისუფლებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა“, – აცხადებენ შსს-ში.