გრიგოლ ვაშაძე - არავითარი მეხუთე რაუნდი დაგეგმილი არ არის
გრიგოლ ვაშაძე - არავითარი მეხუთე რაუნდი დაგეგმილი არ არის

არავითარი შეთანხმება არ არის, არავითარი წინადადება არ გაკეთებულა და არავითარი თანხმობა ამ ვითომცდა გაკეთებულ წინადადებაზე არ ყოფილა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არავითარი მეხუთე რაუნდი დაგეგმილი არ არის.

„არ ვლაპარაკობთ არაფერზე. აზრების თავისუფალი გაცვლა იყო. „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ნაბიჯი გადადგა იქით, რომ მოხსნა თავისი ხისტი პოზიცია და მზად არის, ილაპარაკოს იმაზე, რაც ასე თუ ისე, შეიძლება, სადღაც ოპოზიციისთვის თეორიულად იყოს მისაღები. მაგრამ გვეყოფა ამისთვის დრო თუ არა, არ ვიცით. ამიტომ, არავითარი მეხუთე რაუნდი დაგეგმილი არ არის. არაფორმალური შეხვედრები გაგრძელდება თუ არა, ვერ გეტყვით. მთავარი არის, აქ მე შემიძლია ვილაპარაკო გაერთიანებული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, მოთხოვნები რჩება შემდეგი – მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან, პოლიტიკური პატიმრები – წერტილი!“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მიწვევით ვახშამი გაიმართა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ასევე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რაუნდებში მონაწილეობდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.