გრიგოლ ვაშაძე - არ მესმის, რა ანალოგია შეიძლება იყოს პოლონეთსა და საქართველოს შორის მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტთან დაკავშირებით
გრიგოლ ვაშაძე - არ მესმის, რა ანალოგია შეიძლება იყოს პოლონეთსა და საქართველოს შორის მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტთან დაკავშირებით

არ მესმის, რა ანალოგია შეიძლება იყოს პოლონეთსა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, პრობლემა არის თუ არა, რომ მას მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, პოლონეთში კი ქვეყნის საგარეო უწყებიდან დაითხოვეს ყველა, ვისაც ეს ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული.

„პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა უკვე მისცა ინტერვიუ – დამახინჯებული არის ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა ერთ-ერთმა, თავის თავს რომ მასმედიის წარმომადგენელს ეძახის. ეს ადამიანები სახლში არავის გაუშვია. უბრალოდ, ხელმძღვანელი პოსტებიდან ჩამოაქვეითეს. როგორც ბატონმა ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა, მათ ახალი მოთხოვნები აქვთ. მეორე, მან თქვა, რომ ეს მთავარი კრიტერიუმი არ იყო, რადგან მიროსლავ ლაიჩაკს, რომელიც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, ბატონ ფიულეს, რომელიც ევროკომისარი იყო, ბატონ მილოშ შეფარევიჩს, რომელიც არის ევროპის კომისიის ენერგეტიკის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი – ყველას დამთავრებული აქვს ეს ინსტიტუტი.

ამიტომ, როდესაც შეკითხვა მისცეს, რას ფიქრობს ამ საკითხზე, მან თქვა, რომ ამ ბატონებს აქვს უზადო განათლება და უზადო რეპუტაცია. რაც მთავარია, მე არ მესმის, რა ანალოგია შეიძლება იყოს პოლონეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სექტემბერში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები გაათავისუფლეს.  სამინისტროდან ასევე გაათავისუფლეს ყველა ის პირი, ვინც წარსულში კომუნისტურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.