გრიგოლ ვაშაძე - აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს
გრიგოლ ვაშაძე - აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს

აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს, – ამის შესახებ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ვერის ბაღში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ვაშაძემ წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ ისაუბრა. ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში უმუშევრობა და კრიმინალი საგრძნობლად გაზრდილია. ვაშაძემ 28 ოქტომბრის არჩევნებს ღირსების არჩევნები უწოდა, რომელზეც, მისი თქმით, ქართველმა ხალხმა არჩევანი კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და სამართლიანობის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს.

„სიღარიბეს, შიმშილს, უმუშევრობას, არაადეკვატურ ჯანდაცვას დაემატა ის, რომ აღმოვაჩინეთ – ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. ჩვენ აღმოვჩნდით იმ სიტუაციაში, როცა „ქართული ოცნება“ გასულია სამართლებრივი სფეროდან, სადაც კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ნაცვლად მოქმედებს კრიმინალური წესები, როგორიც 90-იან წლებში რუსეთში იყო. ეს ჩვენთვის მიუღებელია. საქართველოს მოქალაქეები კბილებით ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობასა და ქვეყნის სუვერენიტეტს 28 წლის განმავლობაში, ახლა კი, ჩვენ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ სახელმწიფოც დავკარგოთ. 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს მაფიოზურ მმართველობასა და თანამედროვე სახელმწიფოს შორის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.