გრიგოლ ვაშაძე - 8 მარტის შეთანხმების ორივე მთავარი ნაწილი თუ არ შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ, არ გვიტოვებს ხელისუფლება სხვა გამოსავალს, მივმართოთ პროტესტის უკიდურესად მწვავე ზომებს
გრიგოლ ვაშაძე - 8 მარტის შეთანხმების ორივე მთავარი ნაწილი თუ არ შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ, არ გვიტოვებს ხელისუფლება სხვა გამოსავალს, მივმართოთ პროტესტის უკიდურესად მწვავე ზომებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან დიპლომატებისადმი მიმართვისა და შემდგომ, უცხოელი მედიატორების განცხადების შედეგად, „დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია“.

ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცხოელ მედიატორებს მოუწიათ ჩარევა ოპოზიციისა და ხელისუფლების დისკუსიაში.

„უადგილო, უშინაარსო და უდროო განცხადებას, რომელიც ხელისუფლებამ გააკეთა, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების შედეგების რევიზიას ეხება. პოლიტიკური და პრაგმატული თვალსაზრისით, სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება ეს განცხადება. ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს მედიატორებს მოუწიათ ჩარევა ოპოზიციისა და ხელისუფლების დისკუსიაში; იმის ახსნა, თუ რა არის მედიატორის როლი ამ შეთანხმებაში და რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება, რადგანაც ეს ჩვენი შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იყო.

სამწუხაროდ, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია იმისთვის ხაზის გასმა, რომ პოლიტპატიმრები 21 საუკუნეში საქართველოში არსებობენ; იმისთვის ხაზის გასმა, რომ ყველა მხარემ, რომელიც ამ შეთანხმების მონაწილე იყო, პირუთვნელად უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები; იმის ხაზის გასმა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მოკავშირეები სერიოზულ ყურადღებას აქცევენ იმას, როგორ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება.

აი, რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ – დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია. ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები. მინდა, ხაზი გავუსვა – ყველა ნეგატიურ შედეგზე, რომელსაც ხელისუფლების უადგილო, უშინაარსო და ყოვლად უტაქტო განცხადება მოიტანს, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა მის ლიდერს“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

ამასთან, მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმების ორივე მთავარი ნაწილი თუ არ შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

„9 მარტიდან ოპოზიცია ყოველთვის ვამბობდით, თუ არ შესრულდება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ორივე მთავარი ნაწილი, რომელიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები და ცვლილებები, რომლებიც უნდა შევიდეს საარჩევნო კანონმდებლობაში და მეორე – თუ არ გამოვლენ პოლიტიკური პატიმრები ციხეებიდან და არ შეწყდება სასამართლო პროცესები გვარამიასი, მელიასი და ა.შ. ჩვენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ბოლოს და ბოლოს, არ გვიტოვებს ხელისუფლება სხვა გამოსავალს, რომ მივმართოთ კონსტიტუციით გათვალისწინებულ პროტესტის უკიდურესად მწვავე ზომებს“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.