გრიგოლ ლილუაშვილი - განწყობების დონეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას ქვეყნის მთავარსარდალი არ უნდა აფასებდეს
გრიგოლ ლილუაშვილი - განწყობების დონეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას ქვეყნის მთავარსარდალი არ უნდა აფასებდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ უწყება თანამშრომლობს გამოძიებასთან ე.წ. კრებსების საქმესთან დაკავშირებით. ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბევრი საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებული.

„თქვენ ნახეთ სიუჟეტები, რომლებიც თქვენ თვითონვე მოამზადეთ ან თქვენმა კოლეგებმა მოამზადეს. ამის იქით არის გამოძიება, ამის იქით არის უამრავი ადამიანის გამოკითხვა, ექსპერტიზები, რასაც უზარმაზარი დრო მიაქვს, რადგან ეს მასალები იყო ძალიან დიდი. ეს მასალები იყო არა მოსმენების შედეგად მიღებული აუდიო ან ვიდეო მოცემულობა, ეს იყო „ვორდში“ აკრეფილი ტექსტები, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, დასტურდებოდა დაზარალებული თუ არდაზარალებული პირების მიერ და ბევრ შემთხვევაში, არ დასტურდებოდა, ბევრ შემთხვევაში, ატარებდა სრულიად არასერიოზულ ხასიათს. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გამოძიება. ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან გამოძიების ფარგლებში. ნებისმიერი ჩვენება, ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მათ სჭირდებათ ჩვენი მისამართით, ჩვენ ამაზე გახსნილი ვართ, ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია და მომავალშიც სიამოვნებით დავეხმარებით თანამშრომლობის ფარგლებში“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად ლილუაშვილმა შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თქმითაც: „ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, იმაზე ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ“. ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ განწყობების დონეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას ქვეყნის მთავარსარდალი არ უნდა აფასებდეს.

„შეგრძნება, რომ ყველას უსმენენ, შევატყე მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს ან მასთან დაახლოებულ ტელემედია საშუალებების წარმომადგენლებს; დღეს მოდაშია ე.წ. ფერსეფშენების დონეზე საუბარი, რომელიც ფაქტებს არ ეფუძნება, ანუ შეგრძნებებზე და წარმოდგენებზე, ასე საუბარი არ ეკადრება არც ერთ საკონსტიტუციო ფიგურას, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტს. თუ რამე კონკრეტული გააჩნია, მას შეუძლია, წარმოადგინოს. ხოლო განწყობების დონეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას ქვეყნის მთავარსარდალი არ უნდა აფასებდეს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.