გრიგოლ გეგელია - ჩემი მთავარი ამოცანა არის ქართული პოლიტიკის განახლება
გრიგოლ გეგელია - ჩემი მთავარი ამოცანა არის ქართული პოლიტიკის განახლება

ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, დღე და ღამე ვმუშაობ საარჩევნო კამპანიაზე და მთაწმინდელთა მთავარ პრობლემებზე, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გრიგოლ გეგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„აი, ამ წუთებში, საშუალოდ, ყოველი მეოთხე მთაწმინდელი ჩემს გაზეთს კითხულობს და ეცნობა ჩემს იდეებს. მე ბედნიერი და პრივილეგირებული ვარ, რომ 28 წლის ასაკში ჩემს გაზეთს ჩემი სახე ახატია და არა ჩემი ვიღაც ბატონის ან ძმაკაცის, როგორც ჩემი ორი კოლეგის შემთხვევაშია. ერთს თავისი ბატონი ჰყავს გამოხატული თავის გაზეთზე, მეორეს კი თავისი კლასელი და ძმაკაცი. მე არავინ მჭირდება. ჩემი სახეა, ჩემი სახელი და გვარი, ჩემი საარჩევნო ნომერია, ჩემი ბიოგრაფია და ჩემი იდეები“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად თანხვედრაშია მისი და მთაწმინდის ამომრჩეველთა ხედვები ერთმანეთთან, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ მათი ხედვები სრულ თანხვედრაშია.

„თუ ავიღებთ კლასიკურ დემოკრატიულ შემთხვევას, როცა ამომრჩეველი მთლიანად ირჩევს იდეოლოგიურად და სხვა არაფრის მიხედვით, მაშინ მე გამარჯვების ძალიან სერიოზული შანსი მაქვს, რადგან როგორც ბოლოს ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, შრომა, ეკოლოგია, სიღარიბე და უთანასწორობის საკითხები ​მთაწმინდელთა პრეფერენციების ტოპ ხუთეულშია. ერთადერთი კანდიდატი, ვინც საუბრობს შრომის პოლიტიკის რეფორმაზე, ეკოლოგიაზე, ბავშვთა შორის შიმშილის აღმოფხვრაზე, შშმ პირების უფლებებზე, დევნილებზე და ვეტერანებზე, ვარ მე“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, მის პროგრამაში არის ის საკითხები, რომელზეც ის და მისი ყველა თანაგუნდელი მრავალი წელია, ხმაურობს, იბრძვის და შრომობს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რომელი საპარლამენტო ჯგუფის დახმარებით გეგმავს საკუთარი ხედვების განხორციელებას, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ არც ერთის და შესაძლოა, ყველას დახმარებით.

„ჩემი მთავარი ამოცანა არის ქართული პოლიტიკის განახლება. ეს ჩვენ უკვე დავიწყეთ. შემოვიტანეთ ისეთი თემები, რომელიც კაცის შვილს არ ახსოვდა. ჩვენ ვართ საკმაოდ ბევრნი. ძალიან მონდომებული და წესიერი ადამიანები ვართ, რომლებსაც გვინდა, ეს ფსევდო პოლიტიკა გავაძევოთ და ამ ქვეყნის პოლიტიკური ისტორიიდან საერთოდ გადავაშენოთ. ყველა ადამიანი, ვინც ამ გზაზე ჩვენთან ერთად იქნება, არის ჩემი პარტნიორი. უპირველეს ყოვლისა, მთაწმინდის მცხოვრებლები, ხოლო პარლამენტში მე ვიქნები მხოლოდ მათი, ხაზგასმით – მხოლოდ მათი უმწვავესი პრობლემებისა და მათი ინტერესების ხმოსანი. ყველა ის ადამიანი, რომელიც პარლამენტში ჩემთან ითანამშრომლებს იმისთვის, რათა მთაწმინდელების მიერ საჯაროდ, გამჭვირვალედ დაკვეთილი პოლიტიკური ნება განვახორციელო, იქნება ამ გზაზე მისაღები პარტნიორი “, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ კვირაში ერთხელ და ყველაზე ნაკლებ შემთხვევაში, ათ დღეში ერთხელ შეხვდება მთაწმინდელებს და გააცნობს, რას აკეთებს ის, რას აკეთებს პარლამენტი, რაში იხარჯება მათი ფული, ვინ რამდენი პრემია დაიწერა და ა.შ.