გრიგოლ გეგელია - ჩანაწერებისთვის არ მომისმენია და არ ვაპირებ მოსმენას, რადგან არ არის ეთიკური, არ არის სწორი
გრიგოლ გეგელია - ჩანაწერებისთვის არ მომისმენია და არ ვაპირებ მოსმენას, რადგან არ არის ეთიკური, არ არის სწორი

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ არ მოუსმენია და არ აპირებს, მოისმინოს ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ჩანაწერები.

„ამ ჩანაწერებისთვის არ მომისმენია და არ ვაპირებ, მოვუსმინო, რადგან არ არის ეთიკური, არ არის სწორი და მხოლოდ ივანიშვილს უნდა, რომ ამ ჩანაწერებით ჩვენ განვკარგავდეთ ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს.

არც ერთი ჩანაწერი და არაფერი, რასაც ეს კაცი ეწეოდა ამ ხნის განმავლობაში, არ იმუშავებს, ოპოზიციური ერთობა არ გატყდება. ივანიშვილს ურჩევნია, შეეშვას ამ ხრიკებს და ტრიუკებს, როგორც თვითონ იტყოდა, რადგან მისი დრო და ტრიუკები დამთავრებულია.

ყველას მოვუწოდებ, რომ ჩანაწერებისა და რაღაც გასართობების ნაცვლად, რომელსაც გვიგდებენ, ვკონცენტრირდეთ მთავარზე, ჩვენი ხმების დაცვასა და ამ ქვეყნის დაბრუნებაზე“, – აცხადებს გეგელია.

ტელეკომპანია „იმედმა“ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით ჩანაწერები გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ. ამასთან, კიდევ ერთ ჩანაწერში სავარაუდოდ ზვიად კუპრავა რამდენიმე პირს მითითებას აძლევს.