გრიგალავამ მოლაპარაკებები რამდენიმე გუნდთან დაიწყო - ქართველი ფეხბურთელი, შესაძლოა, ახალ კლუბში გადავიდეს #1TVSPORT
გრიგალავამ მოლაპარაკებები რამდენიმე გუნდთან დაიწყო - ქართველი ფეხბურთელი, შესაძლოა, ახალ კლუბში გადავიდეს #1TVSPORT

გია გრიგალავა, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ახალ კლუბში გადავიდეს. საქართველოს პირველი არხის ცნობით, 32 წლის გამოცდილი მცველი მოლაპარაკებას აწარმოებს და შესაძლოა, ექვსთვიანი უგუნდობის შემდეგ კონტრაქტი გააფორმოს.

გია გრიგალავას ზაფხულში რამდენიმე კლუბში გადასვლის რეალური შანსი ჰქონდა. მას „ასტანა“ იწვევდა, მაგრამ ყაზახეთში თამაში არ ისურვა და არ წავიდა, „ხიმკის“ და ვოლგოგრადის „როტორს“ პასუხები დაუგვიანა და ეს ვარიანტებიც გამოირიცხა.

გარდა ამისა, არ ისურვა წასვლა არც სამხრეთ კორეაში, არც არაბთა გაერთიანებულ ემირატებში და ბერძნული „პანათინაიკოსის“ ვარიანტიც უარყო, მოსკოვის „ტორპედოში“ ვარჯიშობდა, რომელსაც ასევე უარი უთხრა. მაგრამ „არსენალის“ ყოფილი მცველი ამ მოლოდინში უგუნდოდ დარჩა.

შევიტყვეთ, რომ გია გრიგალავამ მოლაპარაკებები რამდენიმე გუნდთან დაიწყო და არაა გამორიცხული, ახალი წლისთვის მზადება ახალ კლუბში დაიწყოს.

გია გრიგალავა როსტოვში ქუთაისიდან 8 წლის ასაკში გადავიდა და საფეხბურთო კარიერაც რუსეთში დაიწყო. 2006 წლიდან, 17 წლის ბიჭმა რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო შეხვედრა „როსტოვში“ ჩაატარა, მერე ამავე ქალაქის სკა-ში თამაშობდა. გრიგალავა ასევე გამოდიოდა „მოსკოვში“, ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“, „კრილია სოვეტოვში“, „ანჟიში“, კვიპროსულ „პაფოსსა“ და „ეთნიკოსში“.

2017 წელს რუსეთში დაბრუნდა და ტულას „არსენალში“ ჩაირიცხა, სადაც 2021 წლამდე თამაშობდა. ზაფხულში გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდა, ახალი კონტრაქტი წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ აღარ გაუფორმეს და უგუნდოდ დარჩა. გია გრიგალავას პრემიერლიგაში 300-მდე მატჩი აქვს ჩატარებული.