გრიგალავა დაშავდა - გულმკერდის არეში დაჟეჟილობა გამოვლინდა
გრიგალავა დაშავდა - გულმკერდის არეში დაჟეჟილობა გამოვლინდა

რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში ტულის „არსენალი“ სტუმრად მოსკოვის „ლოკომოტივთან“ 0:1 დამარცხდა. შეხვედრის 32-ე წუთზე სტუმართა კაპიტანი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი გია გრიგალავა დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

მომხდარზე ოფიციალური განცხადება „არსენალის“ პრეს-სამსახურმა გაავრცელა – როგორც გაირკვა, 31 წლის ქართველ ცენტრალურ მცველს დაზიანებები აქვს.

„მოსკოვის „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში გია გრიგალავამ გულმკერდის არეში მტკივნეული დარტყმა მიიღო, რის გამოც იგი პირველ ტაიმში შეცვალეს. თამაშის შემდეგ, სამედიცინო შემოწმების გავლის მერე, მას დაუდგინდა გულმკერდის დაჟეჟილობა, მაგრამ ძვლისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებები არ გამოვლენილა,“ – წერია ტულის „არსენალის“ განცხადებაში.

გრიგალავა „არსენალში“ 2017 წლიდან თამაშობს და გუნდის ფორმა 71 შეხვედრაში მოირგო, 2019 წელს ის გუნდის ვიცე-კაპიტნად აირჩიეს, წელს კი ქართველი მცველი გუნდის კაპიტანი გახდა.