გრიგალავა ცსკა-სთან ინციდენტისთვის დასაჯეს - ქართველი მცველი მხოლოდ სათასო მატჩებს გამოტოვებს #1TVSPORT
გრიგალავა ცსკა-სთან ინციდენტისთვის დასაჯეს - ქართველი მცველი მხოლოდ სათასო მატჩებს გამოტოვებს #1TVSPORT

გია გრიგალავამ რუსეთის ჩემპიონატში „კრასნოდართან“ მორიგი ტურის შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ რუსეთის საფეხბურთო კავშირმა მაინც დასაჯა.

სადისციპლინო კომიტეტმა ქართველ მცველს ტულის „არსენალისა“ და მოსკოვის ცსკა-ს სათასო მეოთხედფინალის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო, სამ სათასო შეხვედრაში მონაწილეობა აუკრძალა – გადაწყვეტილება რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტის ხელმძღვანელმა, არტურ გრიგორიანცმა გამოაცხადა.

8 აპრილს, რუსეთის თასზე „არსენალი“- ცსკა-ს მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ (1:2) გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ტულას „არსენალის“ ფეხბურთელებსა და ცსკა-ს მწვრთნელებს შორის კონფლიქტი მოხდა და რომ „არსენალის“ ფეხბურთელები გია გრიგალავა და გურამ აჯოევი მოსკოვის კლუბის მწვრთნელებს თავს დაესხნენ და მათ „თავის გატეხვით” დაემუქრნენ.

გრიგორიანცის განცხადებიდან კი ირკვევა, რომ კონფლიქტში უწყინარის როლი არც ცსკა-ს მწვრთნელს უთამაშია, როგორც ამას რუსული მედია აჩვენებდა და კონფლიქტში ორივე მხარე აქტიურობდა. ამაზე სასჯელის ზომაც მეტყველებს.

„მსაჯის თანაშემწისგან მივიღეთ ანგარიში, სადაც მან ვითარება აღწერა. არანაირი ჩხუბი იქ არ მომხდარა, მაგრამ სიტყვიერი შელაპარაკება იყო. სანქციები ასე განაწილდა – ცსკა-ს მწვრთნელი, ვასილი ბერეზცუკი დისკვალიფიცირებულია ორი მატჩით და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი მანეთის ოდენობით, პლუს გამოსაცდელი ვადა ერთი წლის განმავლობაში. რაც შეეხება „არსენალის“ ფეხბურთელებს, აჯოევი და გრიგალავა თასის შემდეგ სამ შეხვედრას გამოტოვებენ“, – თქვა გრიგორიანცმა.