გრიგალავა არ ეთანხმება, რომ საქართველოს ნაკრები რუსეთზე სუსტია - არ მინდა ვიმკითხაო, ვაქცინაციაზე ჩემს ორგანიზმს როგორი რეაგირება ექნება #1TVSPORT
გრიგალავა არ ეთანხმება, რომ საქართველოს ნაკრები რუსეთზე სუსტია - არ მინდა ვიმკითხაო, ვაქცინაციაზე ჩემს ორგანიზმს როგორი რეაგირება ექნება #1TVSPORT

ტულის „არსენალიდან“ წამოსულმა საქართველოს ნაკრების მცველმა, გია გრიგალავა Sport24-თან ინტერვიუში ჟურნალისტს ტიგრან არუთინიანს არ დაეთანხმა, რომ საქართველოს ნაკრები რუსეთზე სუსტია, ილაპარაკა საბა კვირკველიასა და საყოველთაო ვაქცინაციაზე.

გასაგებია, რომ საქართველოს ნაკრები უფრო სუსტია, ვიდრე რუსეთის ნაკრები, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო დროს საქართველო თავის დონეს უახლოვდება?

მე არ ვიტყოდი, რომ საქართველო ახლა სუსტია. ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ძალიან მოუმატა და ძალებს იკრებს. ეს ეხება არა მხოლოდ მთავარ გუნდს, არამედ ბავშვთა ფეხბურთსაც.

თქვენ კვერკველიასთან მეგობრობთ. არ გიკვირთ, რომ სამი წლის წინ „ლესტერი“ დაინტერესდა, მაგრამ ახლა ის „როტორთან“ ერთად პრემიერლიგიდან გავარდა?

სიმართლე გითხრათ, მე ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი საბას თავს ხდება. არ მესმის, მისი კარიერა ასე რატომ წარიმართა. ყველაფერი ხომ კარგად იყო! მჯერა, რომ ის საკუთარ თავს ახალ კლუბში იპოვის, რა თქმა უნდა, იპოვის! კლუბებს ასჯერ უარესი ფეხბურთელები პოულობენ და საბა ვერ იპოვის?

კლუბები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იწყებენ – თქვენ ამის მომხრე ხართ?

მე თვითონ არ ავცრილვარ. მე ზოგადად ამ პროცესს მშვიდად ვუყურებ, მაგრამ ვაქცინის დაძალება არასწორია და კარგი არ არის. არჩევანის უფლება ყოველთვის უნდა არსებობდეს. განსაკუთრებით ასეთ საკითხებში.

თავად აცრას გეგმავთ?

არა.

რატომ?

ჯერ ერთი, ჯერ ამის საჭიროება არ მქონია. კორონა ცოტა ხნის წინ მსუბუქი ფორმით მქონდა და ანტისხეულები მაქვს. მეორეც, არის შემთხვევები, როდესაც ამ ვაქცინაციის შემდეგ ადამიანების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. არ მინდა ვიმკითხაო, ვაქცინაციის შემდეგ ჩემს ორგანიზმს როგორი რეაგირება ექნება. ასე რომ, მე ამას არ გავაკეთებ.

რა მოხდება, თუ ახალ კლუბში ვაქცინაცია სავალდებულო იქნება?

მაშინ, რა თქმა უნდა, გავიკეთებ. სხვა რა გზა დამრჩება. რა თქმა უნდა, კორონავირუსის გარეშე უკეთესი იყო, ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, მაგრამ ვინაიდან ეს არის სიტუაცია, ყველა წესი უნდა დაიცვა. ეს ვირუსი უკვე მეორე წელია აღმოაჩინეს და უბრალოდ მის პარალელურად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, მაგრამ პანიკა არ უნდა დავთესოთ. გარკვეული გაგებით, ამ პანიკას ვაქცინაცია იწვევს.

რა თვალსაზრისით?

ვაქცინა უფასოა. როგორ შეიძლება კარგი რამ უფასო იყოს? ვაქცინა ძვირი რომ იყოს, მაშინ ყველა მის ყიდვას შეეცდებოდა და იტყოდნენ, რომ ის ეფექტურია.