გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი ასპარეზობს და სამივე მათგანი მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ტატო გრიგალაშვილმა (81კგ), რომელიც წონის და მთლიანად ტურნირის პირველი ნომერია, მეოთხედფინალი ახალგაზრდა ფრანგ ძიუდოისტთან გამართა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. პარიზის გრანდ სლემის ნახევარფინალში ტატო იაპონელ სოტარო ფუჯივარას შეხვდება.

90კგ-ში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე ნახევარფინალში გასასვლელად იაპონელ კენტა ნაგასავას დაუპირისპირდა და დამატებით დროში გაფრთხილებებით წააგო. მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს.

ტურნირზე მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს ასევე ონისე სანებლიძეც (100კგ), რომელიც მეოთხედფინალში რუმინელ ძიუდოისტთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.