გრიგალაშვილი ისრაელის მასტერსის ფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ტატო გრიგალაშვილი იჭიდავებს.

მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა ნახევარფინალში ფრანგი ჯალო ორი ვაზარით მარტივად დაამარცხა და ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მოლაის დაუპირისპირდება.

შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც მერვედფინალში ბრაზილიელ კარგნინთან ორი ვაზარით დამარცხდა. ტურნირზე დღეს გამომსვლელმა მესამე ქართველმა, ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილმა კი პირველივე დაპირისპირება დამატებით დროში მასპინძელ იდო ლევინთან დათმო.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.