გრენლანდიის პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დაამტკიცა
გრენლანდიის პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დაამტკიცა

გრენლანდიის პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დაამტკიცა. გასულ თვეში გრენლანდიაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ პარლამენტი პირველად შეიკრიბა ახალი შემადგენლობით და პრემიერ-მინისტრის პოსტზე „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი იენს-ფრედერიკ ნილსენი დაამტკიცა.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ, ნილსენმა საკუთარი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა. გრენლანდიის წინა პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ ფინანსთა და გადასახადების მინისტრის პოსტი დაიკავა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი კვლავ ვივიან მოტცფელდტი იქნება.

გრენლანდიის ახალი მთავრობა გრენლანდიის დანიისგან ნელი ტემპით გამოყოფას ემხრობა. თუმცა, ამასთანავე, არ სურს აშშ-ის შემადგენლობაში შესვლა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები გრენლანდიაში 11 მარტს ჩატარდა. არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობდა. ხმათა უმეტესობა ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ (Demokraatit) მოიპოვა, რომელსაც 29.9-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილი 24.5 პროცენტით დაიკავა ოპოზიციურმა პარტია „ნალერაქმა“, რომელიც გრენლანდიის სწრაფ დამოუკიდებლობას ემხრობა.