„გრემიომ“ ლუის სუარესის წასვლა დაადასტურა - ურუგვაელი „ინტერ მაიამიში“ მესის შეუერთდება #1TVSPORT
„გრემიომ“ ლუის სუარესის წასვლა დაადასტურა - ურუგვაელი „ინტერ მაიამიში“ მესის შეუერთდება #1TVSPORT

ბრაზილიური „გრემიოს“ ფორვარდი ლუის სუარესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს.

როგორც ESPN-ი იტყობინება, ურუგვაელი ფეხბურთელის გადასვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში საბოლოოდ შეთანხმებულია. კერძოდ, სუარესი იანვარში „ინტერ მაიამის“ შეუერთდება.

ეს ინფორმაცია მოგვიანებით „გრემიოს“ მთავარმა მწვრთნელმა, რენატო გაუჩომ დაადასტურა: „რა თქმა უნდა, მოვიწყენთ მის გარეშე. ის ყველას ძალიან უყვარს. ჩემთვის სიამოვნება იყო შესანიშნავ პროფესიონალსა და მსოფლიოში ოთხი საუკეთესო ფორვარდიდან ერთ-ერთთან მუშაობა. მის გარეშე სიცარიელე იქნება“.

სუარესი „გრემიოში“ 2023 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა ურუგვაის „ნასიონალიდან“. ამ სეზონში ფორვარდი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია – 51 ოფიციალურ მატჩში 23 გოლი გაიტანა.

„ინტერ მაიამიში“ გადასვლის შემთხვევაში სუარესი შეუერთდება ლიონელ მესის, სერხიო ბუსკეტსა და ჟორდი ალბას, რომელთან ერთადაც 2014-20 წლებში „ბარსელონაში“ თამაშობდა.